რევაზ არველაძე - ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, განსაკუთრებით, სიღარიბის, თუმცა შიმშილობის საკითხი ასე თუ ისე გადაწყვეტილია
რევაზ არველაძე - ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, განსაკუთრებით, სიღარიბის, თუმცა შიმშილობის საკითხი ასე თუ ისე გადაწყვეტილია

გუშინ ბავშვების შიმშილობის საკითხზე განცხადება იმიტომ გავაკეთე, რომ ჟურნალისტი თავიდან მომეცილებინა, თუმცა იგივე პოზიციაზე ვარ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაჭირვებული ოჯახების ბავშვების დასახმარებლად 70 მილიონი ლარია გამოყოფილი.

არველაძის განმარტებით, სწორედ იმიტომ, რომ ბავშვებმა არ იშიმშილონ, მათ კვების ბილეთები, თუ ვაუჩერები ურიგდებათ.

რევაზ არველაძის შეფასებით, ქვეყანაში სიღარიბის პრობლემაა, თუმცა „შიმშილობის საკითხი ასე თუ ისე გადაწყვეტილია“.

„გუშინ ეს განცხადება იმიტომ გავაკეთე, რომ ჟურნალისტი, რომელიც ლამის შემომყვა სხდომათა დარბაზში, თავიდან მომეცილებინა, მაგრამ რაც ვთქვი, იმავე პოზიციაზე ვარ, ტყუილი არაფერი მითქვამს.

დახმარებისთვის გამოყოფილია ფონდები, 70 მილიონი ლარია გამოყოფილი, უშუალოდ გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს ეძლევათ – ეს იქნება კვების ბილეთები, თუ ვაუჩერები. ეს ბილეთები იმისთვისაა, რომ ბავშვებმა არ იშიმშილონ. ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, განსაკუთრებით, სიღარიბის. როცა შიმშილობაზეა საუბარი, ეს საკითხი ასე თუ ისე გადაწყვეტილია. ლაპარაკი იმაზე, რომ თავი მოაწონო ან შეაცოდო, სწორი არ არის და ეს ვთქვი.

მძიმე სიტუაცია და გაჭირვება ყველასთვის არის, ყველაფერი ოპოზიციის ბრალია. ჩემი გაგებით, ოპოზიცია არის ის, სარკეში რომ ჩაიხედავ და შენს ნაკლოვანებებს დაინახავ. ოპოზიცია უნდა გეხმარებოდეს იმაში, რომ ქვეყანა კარგად მართო.

ოპოზიციის ბრალი არის ის, რომ 2012-2013 წლიდან მოყოლებული, კონგრესმენებისა და სენატორების ჩათვლით, ევროპარლამენტარების ჩათვლით, მუდმივად ალანძღვინებენ საქართველოს მთავრობას, რომ ეს არის რუსეთის დასმული და მათი ნდობა არ შეიძლება. გახადეს მომეტებული რისკის ქვეყნად, აღარავის აღარ უნდა ინვესტიციებით შემოსვლა. გარკვეული წილი ხელისუფლებისაც არის. ის ვერ მართავს ისე, როგორც უნდა მართავდეს. საკვანძო თანამდებობებზე არსად უნდა დარჩენილიყვნენ ესენი, რომლებიც ხელის შემშლელები არიან.

შიმშილი არის ის, როცა გარკვეულ პერიოდში ადამიანი კვდება, რადგან საჭმელი ვერ მიიღო. იცით, ჩვენი ქვეყანა რამდენად მდიდარია, რა გააჩნია ბიუჯეტში და ამის მიხედვით აძლევს მათ დახმარებას.

ქუჩაში რასაც ვხედავთ, ეს სულაც არ არის დაკავშირებული იმასთან, რამდენად შიმშილობს ადამიანი. ძალიან კარგად ვიცით, თქვენც იცით, გარკვეულ ბიზნესადაა გადაქცეული ბავშვების მათხოვრობა. ბავშვი რომ რაღაცას თხოულობს, თქვენ თვლით, რომ შიმშილობს და იმიტომ თხოულობს?“- განაცხადა რევაზ არველაძემ.