Reuters-ი - სლოვენიაში პოლიციელები გაიფიცნენ
Reuters-ი - სლოვენიაში პოლიციელები გაიფიცნენ

სააგენტო Reuters-ის ცნობით, სლოვენიაში პოლიციელები გაიფიცნენ. სამართალდამცველები ხელფასის 15 პროცენტით გაზრდას ითხოვენ.

ლიუბლიანაში, მთავრობის სახლის წინ 200-მა პოლიციელმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა თქმით, პრემიერ-მინისტრ მირო ცერარის მთავრობა მათ მოთხოვნებს არ ისმენს.

როგორც პოლიციის პრესსპიკერმა განაცხადა, გაფიცვის მიუხედავად, სლოვენიის დედაქალაქში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი ძალებია.

როგორც პოლიციის პროფკავშირის ხელმძღვანელმა რდაივოჟ უროსევიჩმა განაცხადა, სამართალდამცველების მუშაობა ქვეყანაში სათანადოდ დაფასებული არ არის. მისი თქმით, სლოვენიაში პოლიციელის საშუალო ხელფასი თვეში 1400 ევროა, საპროტესტო აქციის მონაწილეები კი ყოველთვიური ანაზღაურების 200-220 ევროთი ზრდას ითხოვენ.

პოლიციელების გაფიცვა სლოვენიაში საჯარო მოხელეების პროტესტის ტალღის ნაწილია. ხვალ, 13 თებერვალს ორი საათით მუშაობას შეწყვეტენ ექთნები, ოთხშაბათს, 14 თებრვალს კი სლოვენიაში მასწავლებლები გაიფიცებიან.

შეგახსენებთ, გასულ თვეს სლოვენიაში ხელფასების გაზრდის მოთხოვნით 30 ათასამდე საჯარო მოხელე გაიფიცა.

დატოვე კომენტარი