Reuters - საფრანგეთში დაბადებული ქალი საქართველოს პრეზიდენტობის მთავარი პრეტენდენტია
Reuters - საფრანგეთში დაბადებული ქალი საქართველოს პრეზიდენტობის მთავარი პრეტენდენტია

საფრანგეთში დაბადებული ქალი საქართველოს პრეზიდენტობის მთავარი პრეტენდენტია, – სააგენტო Reuters-ი სალომე ზურაბიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როგორც მასალაშია აღნიშნული, საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოს პრეზიდენტობის ორ მოწინავე კანდიდატს შორისაა, მიუხედავად მის პატრიოტიზმთან და ენის ცოდნასთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვების არსებობისა.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ 66 წლის სალომე ზურაბიშვილი დაიბადა საფრანგეთში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში და საქართველოსი პირველად 1986 წელს, 30 წლის ასაკში ჩამოვიდა. 2003 წელს ის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში საფრანგეთის ელჩად დაინიშნა. მალვე, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. იმისთვის, რომ მას აღნიშნული პოსტის დაკავება შეძლებოდა, პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, თუმცა 2005 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ მან საკუთარი პოლიტიკური პარტია, „საქართველოს გზა“ დააფუძნა, რომელსაც 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა, ქართული პოლიტიკიდან დროებით წასვლამდე და საფრანგეთში დაბრუნებამდე.

„ზურაბიშვილის გამარჯვების შანსებს აძლიერებს მხარდაჭერა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომელზეც კრიტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყანას კულუარებიდან მართავს“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში პრეზიდენტობა ძირითადად ფორმალური თანამდებობა გახდა, რადგან მისი აღმასრულებელი ძალაუფლების ძირითადი ნაწილი ბოლო წლებში პრემიერ-მინისტრს გადაეცა. „თუმცა ამ თანამდებობას ჯერ კიდევ აქვს პოლიტიკური გავლენა და მისი მფლობელი საზღვარგარეთ საქართველოს იმიჯის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს“, – აღნიშნილია სტატიაში.

Reuters-ი წერს, რომ ზურაბიშვილის მთავარი მეტოქე 60 წლის გრიგოლ ვაშაძეა, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით 11 ოპოზიციური პარტიისგან შექმნილი ახალი პლატფორმის სახელით იყრის კენჭს. ვაშაძე ასევე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია, ამ თანამდებობას 2008-2012 წლებში იკავებდა. გამოკითხვების შედეგები მას და ზურაბიშვილს დანარჩენ 23 პრეტენდენტზე წინ აყენებს.

„ზურაბიშვილს მწვავედ აკრიტიკებდნენ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მისი განცხადების გამო, რომ ქვეყნის 2008 წლის მოკლე ომი რუსეთთან მოხდა იმიტომ, რომ „ჩვენ წამოვეგეთ რუსეთის პროვოკაციას“,  -ნათქვამია სტატიაში.

„როგორც პრეზიდენტი, არასდროს წამოვეგები პროვოკაციებს, რადგან როდესაც პატარა ქვეყანა ხარ, უნდა იყო შენს მტერზე ჭკვიანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reuters-ი წერს, რომ კრიტიკოსებმა ზურაბიშვილის ქართული ენის ცოდნა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და განაცხადეს, რომ მისი განცხადება არაპატრიოტული იყო.