Reuters - რუსეთის მთავრობამ ვენესუელაში მადუროს რეჟიმის დასახმარებლად კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრები გაგზავნა
Reuters - რუსეთის მთავრობამ ვენესუელაში მადუროს რეჟიმის დასახმარებლად კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრები გაგზავნა

რუსეთის მთავრობამ ნიკოლას მადუროს ავტორიტარული რეჟიმის მხარდასაჭერად ვენესუელაში კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ წევრები გაგზავნა. ინფორმაციას საკუთარ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

​Reuters-ის ინფორმაციით, ვენესუელაში „ვაგნერის“ დაქირავებული წევრები აქამდეც იყვნენ. მათი რაოდენობა საერთო ჯამში 400-მდე გაიზრდება. ისინი კარაკასში კუბადან გადადიან.

აღნიშნულ ინფორმაციას არც რუსეთის მთავრობა და არც ვენესუელის რეჟიმი არ ადასტურებს.

ნიკოლას მადუროს რეჟიმმა 2017 წელს ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო ფართომასშტაბიანი აქციების დროს შეიარაღებული პირები დაიქირავა, რომლებიც აქციის მონაწილეებს სნაიპერის შაშხანებით ხოცავდნენ. აქციები სპეცრაზმმაც დაარბია, რასაც საერთო ჯამში 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ვაგნერის“ ჯგუფის წევრები, რომლებსაც განსაკუთრებული სისასტიკის გამო, დასავლურ მედიაში „მფატრავები“ უწოდეს, პირველად უკრაინის კრიზისის დროს, დონბასში სეპარატისტების გვერდით გამოჩნდნენ, შემდეგ კი სირიაში. სირიაში ისინი ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დასაცავად იბრძოდნენ და მეამბოხეებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ.

„ვაგნერი“ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2018 წელს შავ სიაში შეიყვანა.