Reuters - ლიბანის პრემიერი ემანუელ მაკრონის მიწვევით საფრანგეთში გაემგზავრება
Reuters - ლიბანის პრემიერი ემანუელ მაკრონის მიწვევით საფრანგეთში გაემგზავრება

ლიბანის პრემიერ-მინისტრი, საად ალ-ჰარირი, ოჯახთან ერთად, უახლოეს დღეებში საფრანგეთში გაემგზავრება. ამის შესახებ Reuters საფრანგეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. ემანუელ მაკრონმა ლიბანის პრემიერი ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული კრიზისის დარეგულირების მიზნით მიიწვია.

საად ალ-ჰარირიმ გადადგომის შესახებ განცხადება, ყველასთვის მოულოდნელად, 11 დღის წინ ერ-რიადიდან გააკეთა. მას შემდეგ ლიბანის პრემიერს საუდის არაბეთის დედაქალაქი არ დაუტოვებია.

ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი კი ალ-ჰარირის გადადგომის აღიარებაზე უარს ამბობს, სანამ ის ქვეყანაში არ დაბრუნდება. აუნი მიიჩნევს, რომ ჰარირი ერ-რიადის ტყვეობაშია.

კითხვას, არის თუ არა ეს თავშესაფრის შეთავაზება ჰარირისთვის, მაკრონმა უპასუხა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს და სწამს, რომ ლიბანში ვითარება სულ მალე დასტაბილურდება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსაც მშვიდ ვითარებაში მიიღებენ.

საფრანგეთს ლიბანთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს. ჰარირის კი საფრანგეთში სახლი აქვს და იქ რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

მაკრონმა ჰარირის მიწვევის გადაწყვეტილება მასთან და საუდის პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო.