Reuters - „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი“ შესაძლოა, ბუდაპეშტიდან ვენაში გადავიდეს
Reuters - „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი“ შესაძლოა, ბუდაპეშტიდან ვენაში გადავიდეს

მილიარდერ ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი“ შესაძლოა, ბუდაპეშტიდან ვენაში გადავიდეს, თუ 1-ელ დეკემბრამდე აკადემიური თავისუფლების შესახებ გარანტიებს არ მიიღებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესხებ უნივერსიტეტის რექტორმა მაიკლ იგნატიეფმა განაცხადა.

„ჩვენ არ შეგვიძლია უნგრეთში ლეგალურად საქმიანობა როგორც აშშ-ის მიერ აკრედიტირებულ ინსტიტუტს. ჩვენ გვაძევებენ ქვეყნიდან, რომელიც 26 წლის განმავლობაში ჩვენი სახლი იყო. შესაბამისად, 2019 წლის პირველი სექტემბრიდან „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი“ ყველა თავის პროგრამას ვენაში განახორციელებს. ჩვენ ქალაქმა ვენამ და ავსტრიის ფედერალურმა მთავრობამ ძალიან თბილად მიგვიღო, რის გამოც უსაზღვროდ მადლობლები ვართ“, – განცხადა უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელმა.

მაიკლ იგნატიეფის თქმით, ვენაში გადასასვლელად ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჩატარებულია. თავის მხრივ, ბუდაპეშტში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ ეცდებიან, წლის ბოლომდე უნგრეთის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწიონ.

უნგრეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში უმაღლესი სასწავლებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ორი კანონი მიიღეს. მთავრობის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები, უპირველეს ყოვლისა, ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წინააღმდეგ არის მიმართული.

ახალი წესის თანახმად, უცხოურ უნივერსიტეტებს, უნგრეთში ფილიალების გარდა, უნდა ჰქონდეს განყოფილებები თავიანთ ქვეყნებში. ამგვარად, სოროსის მიერ დაფუძნებულ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს კი აშშ-ის აკრედიტაცია აქვს, მისი ერთადერთი წარმომადგენლობა კი მხოლოდ ბუდაპეშტშია განთავსებული.

ვიქტორ ორბანის მთავრობის ინიციატივით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო, მიმდინარე წლის ოქტომბერში ბუდაპეშტიდან ბერლინში სოროსის ფონდის ოფისიც გადავიდა.