Reuters - ავღანეთში ამერიკელთა შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიების შემთხვევაში, აშშ-ი ჰააგის სასამართლოს სანქციებს დაუწესებს
Reuters - ავღანეთში ამერიკელთა შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიების შემთხვევაში, აშშ-ი ჰააგის სასამართლოს სანქციებს დაუწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციებით ემუქრება, თუ ის ავღანეთში ამერიკელების მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიებას დაიწყებს.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, აშშ-მა ჰააგის სასამართლოს მიმართ აგრესიული პოზიცია დაიკავა.

მედიასაშუალების ცნობით, დღეს, 10 სექტემბერს ვაშინგტონში უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი გამოვა სიტყვით. Reuters-ი ბოლტონის გამოსვლის ტექსტის პროექტიდან ამონარიდებს აქვეყნებს.

„აშშ-ი გამოიყენებს ნებისმიერ საჭირო ზომებს ჩვენი მოქალაქეებისა და მოკავშირეების არალეგიტიმური სასამართლოს უსამართლო დევნისგან დასაცავად“, – ნათქვამია გამოსვლის ტექსტში.

ამასთან, როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ბოლტონი ასევე გამოაცხადებს ვაშინგტონში პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ოფისის დახურვის შესახებ, რაც უკავშირდება პალესტინელების მცდელობას, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.

„აშშ-ი ყოველთვის იდგება ჩვენი მეგობრისა და მოკავშირის – ისრაელის გვერდით“, – ნათქვამია ბოლტონის გამოსვლის მომზადებულ ტექსტში.

ტექსტის პროექტში ნათქვამია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საპასუხო ზომებს მიმართავს, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაიწყებს ფორმალურ პროცედურას ავღანეთის ომის დროს აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და სადაზვერვო სამსახურების წევრების მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოსაძიებლად.

თუ ასეთი პროცედურა დაიწყება, ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებსა და პროკურორებს აუკრძალოს აშშ-ში შესვლა და დააყადაღოს მათი აქტივები ამერიკულ ფინანსურ სისტემაში.

„ჩვენ არ ვითანამშრომლებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. ჩვენ არ შევუერთდებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. მივცემთ მას საშუალებას, თავად მოკვდეს. ყველა ამ მიზეზის გამო, სასამართლო ჩვენთვის უკვე მკვდარია“, – ნათქვამია ტექსტში, რომელიც სააგენტო Reuters-ს ჩაუვარდა ხელში.

აშშ-ს არ აქვს რატიფიცირებული რომის სტატუტი, რომლის საფუძველზეც 2002 წლიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამოქმედდა.