რესტორნის მენეჯერი - არსებობს შიში, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი სარესტორნო ბიზნესს საფრთხეს შეუქმნის
რესტორნის მენეჯერი - არსებობს შიში, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი სარესტორნო ბიზნესს საფრთხეს შეუქმნის

თამბაქოს აკრძალვის შესახებ კანონის მისაღებად საზოგადოება მზად არ იყო, – ამის შესახებ „ბაბილო მიუზიკ ჰოლის“ მენეჯერმა, ლევან ჯავახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენთან მომხმარებელთა განსხვავებული სეგმენტი მოდის. ისინი ამბობენ, რომ მოწევის აკრძალვა პრობლემაა და სვამენ კითხვას, როგორ უნდა მოიქცნენ, როცა რესტორანში მოწევა აღარ შეეძლებათ“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ბაბილო მიუზიკ ჰოლის“ პერსონალი სათანადოდ მომზადდა, რომ სტუმრებს ახალი კანონის შესახებ თავაზიანად აუხსნან, კონფლიქტი, ალბათ, მაინც იქნება.

„სტუმარი ამაღლებული განწყობით მიდის და როცა ქართველი რამდენიმე ჭიქას დალევს და სიგარეტს მოუკიდებს, ძნელია, მოწევა აუკრძალო“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

როგორც ლევან ჯავახიშვილმა აღნიშნა, არსებობს შიში, რომ გარკვეული საფრთხე შეექმნება სარესტორნო ბიზნესს, რომელიც ფეხს ბოლო წლების განმავლობაში იკიდებს, სერვისს ქმნის და განვითარებისკენ მიდის.

„არ გვინდა, მომხმარებელი ნაწყენი დარჩეს და, რა თქმა უნდა, შიში გვაქვს, რომ ისინი უკმაყოფილო იქნებიან. როცა საპატრულო ეკიპაჟი დარბაზში გამოჩნდება, ეს დისკომფორტი და პრობლემაა. ყველანაირი მსგავსი დისკომფორტი, რაც სერვისს ეხება, ცუდია და ჩვენი შიშები სრულიად ლოგიკურია“, – განაცხადა ლევან ჯავახიშვილმა.

საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 1-ელი მაისიდან ამოქმედდა.

საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი გასული წლის მაისში დაამტკიცა, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილის ამოქმედების თარიღად 2018 წლის პირველი მაისი განისაზღვრა, ხოლო მეორე ნაწილი ძალაში 2020 წლიდან შევა.

დატოვე კომენტარი