რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი - პერსონალის დიდი ნაწილის უხელფასოდ გაშვება რეალურად მოხდება
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი - პერსონალის დიდი ნაწილის უხელფასოდ გაშვება რეალურად მოხდება

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ კაფე-ბარებსა და რესტორნებზე შეზღუდვები სამასპინძლო ბიზნესს დიდ ფინანსურ ზარალს მოუტანს.

კოტე გაბრიჩიძის განმარტებით, 100 რესტორნიდან 95 მაინც დაიხურება, იმ მცირე ნაწილს კი, რომლებიც გააგრძელებენ მუშაობას გამოძახებებზე, შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ.

„ჩავთვალოთ, რომ ეს ბიზნესი გავაჩერეთ ისევე, როგორც ავიაცია და სასტუმროები გავაჩერეთ, რადგან რეალურად გამოძახების ბიზნესი ადეკვატურ ცვლილებებს არანაირად არ მოგვცემს. ალბათ, ასი რესტორნიდან დაიკეტება 95. ის ხუთი, რომელიც არ დაიკეტება, გამოძახების იმედად დარჩება, მაგრამ გამოძახებაც ალბათ, მესამედი ან მეოთხედი იქნება იმისა, რაც ბრუნვა ჰქონდა“, – განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

ამასთან, მისი თქმით, შესაბამისად საჭირო გახდება თანამშრომელთა დროებით, უხელფასოდ დათხოვნა.

„რეალურად მოხდება პერსონალის დროებით უხელფასოდ გაშვება, დაახლოებით 95 პროცენტი დაჯდება სახლში. ეს ადამიანები ფაქტიურად, ყოველგვარი სახსრების გარეშე რჩებიან. კომერციული ორგანიზაცია დამოკიდებულია მთლიანად შემოსავალზე. შემოსავალი თუ არ არის, ხელფასი, რომელიც უნდა ჰქონოდა, აღარ აქვს“, – განაცხადა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სახელმწიფო სტრუქტურებთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ აღნიშნული ზარალი და დარტყმა შემცირდეს.

„პერსონალთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ მთავრობასთან გვაქვს კონსულტაციები. იციან ამ პრობლემის შესახებ. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ამ მომენტისთვის ადეკვატური, მაგრამ ეს არ არის ადეკვატური ვთქვათ, ორი კვირისა და ერთი თვის შემდგომ პერიოდისთვის, თუმცა მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს მთავრობასთან. იმედი გვაქვს, რაღაც ნაბიჯები გადაიდგმება, რათა ასობით ათასი კაცი ჰყავს, ჩვენს ბიზნესს, რესტორაციას, სასტუმროებს და ა.შ, უამრავი ხალხი, რომელიც ფაქტობრივად პურის ფულის გარეშე რჩება, რომ რაღაც კომპენსაცია იყოს გაკეთებული. ხდება შეხვედრები მთავრობასთან, ჩვენ ჩვენს ვერსიას ვეუბნებით და მთავრობა – თავისას. არის ვარაუდები, ვერსიები“, – განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

კოტე გაბრიჩიძე განმარტავს, რომ კაფეებისა და რესტორნების ნაწილი დიდ ღონისძიებებზე არიან ორიენტირებული და იქ სხვა რეალობაა; ასევე არიან ცენტრალურ უბნებში განთავსებული და ტურისტებზე გათვლილი კაფეები და რესტორნები, მათ შემთხვევაში სულ სხვა რეალობაა.

„არის ობიექტები, რომელსაც დიდი ტერასა აქვს და მას შეუძლია, ხალხი დასვას და მოემსახუროს ქუჩაში. გვეუბნება რამდენიმე ჩვენი რესტორატორი, ასოციაციის წევრი, რომ იქნებ შესაძლებელი იყოს ქუჩაში მუშაობა,  არავის უნდა თავის გამოზრდილი პერსონალის სახლში გაშვება, რადგან იციან, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს შემოსავალი. სხვადასხვა რეალობაა სხვადასხვა ობიექტზე. ასე რომ, ერთიანი ცელის მოსმა ამაზე არ ხდება. ზოგადად ეს პრობლემა სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის გარშემო ბევრ სხვა კომპანიებს შეეხება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა.

ამასთან, კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ პრობლემა სადისტრიბუციო კომპანიებსაც ექმნებათ, რომლები მსგავსი კვების ობიექტებთან თანამშრომლობენ.

„სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც ჩვენ გვამარაგებენ პროდუქციით, რჩებიან სამუშაოს გარეშე. სატრანსპორტო კომპანიები, რომლებიც გვემსახურებიან, ასევე რჩებიან სამსახურის გარეშე, მთელი კლასტერია“,- აღნიშნა კოტე გაბრიჩიძემ.

მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში დღეს რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა.