რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ პანდემია სამასპინძლო ბიზნესზე დიდი დარტყმაა და შესაძლოა, 300 000 ადამიანმა სამსახური დაკარგოს
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ პანდემია სამასპინძლო ბიზნესზე დიდი დარტყმაა და შესაძლოა, 300 000 ადამიანმა სამსახური დაკარგოს

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ პანდემიის გამო, სამასპინძლო ბიზნესზე დიდი დარტყმაა, რის გამოც შესაძლოა, 300 000 ადამიანმა სამსახური დაკარგოს.

როგორც შოთა ბურჯანაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე მთავრობის მეთაურს ბიზნესის სფეროში არსებული პრობლემები გააცნეს.

„ჩვენი ასოციაციის სახელით მოთხოვნა იყო პრემიერთან შეხვედრა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც რეალურად დღეს სფეროს აქვს. ეს პრობლემები, სამწუხაროდ, გლობალურია. დაახლოებით 300 000 ადამიანს ერთიანად ემუქრება სამუშაო ადგილების დაკარგვა, იქიდან გამომდინარე, რომ დარტყმა ძალიან დიდია სამასპინძლო ბიზნესთან დაკავშირებით. ამ საკითხზე განხილვა, ჩვენი შეხედულების შეთავაზება, აუცილებლად ჩავთვალეთ და შეხვედრა ჩაინიშნა. ამ შეხვედრისთვის დიდი მადლობა. პრემიერის მხრიდან აღნიშნული იყო, რომ პრობლემა ძალიან დიდია და აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესის დახმარებით კუთხით, შეეხება ეს ბანკებთან დაკავშირებულ საკითხს, თუ საგადასახადო წნეხს. ამ სფეროში ჩამოყალიბდნენ პროფესიონალი ადამიანები და ამ სამუშაო ადგილების გადარჩენა აუცილებელია. მინდა გითხრათ, რომ პრემიერის მხრიდან ეს საკითხები სრულად და ადეკვატურად იქნა გაზიარებული“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეალურად მოახერხებს სიტუაციის გაუმჯობესებას.

„ერთადერთი საკითხი, რომელიც ჩვენს შორის შეთანხმებას არ ექვემდებარება, ეს არის დღგ-ის საკითხი, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებითაც გავაგრძელებთ ჩვენს შეთავაზებებს. რადგან ეს ამ სფეროსთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე მნიშვნელოვანია ბანკებთან ურთიერთობა და იმ სამუშაო ადგილების გადარჩენა, რაც დღესდღეობით მთლიანად სახელმწიფოს ეკონომიკაში დიდ წილს შეადგენს. ეს იყო ძირითადი აქცენტები რესტორატორთა ასოციაციის მხრიდან და კიდევ ერთხელ მადლობა ამ შეხვედრისთვის“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.