რესტავრაციის ლაბორატორიაში მიმდინარე წელს 12 500-ზე მეტი ფურცლის რესტავრაცია ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში 2019 წლის ექვსი თვის განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა 12 522 ფურცელს.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, რესტავრაცია ჩაუტარდა ასევე 304 ფოტოპოზიტივს, 75 ტექნიკურ ნახაზს, 69 გაზეთსა და სხვა საარქივო მასალას.
„რესტავრირებულ დოკუმენტებს შორის არის საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული, XVII-XIX საუკუნეებით დათარიღებული დოკუმენტების 469 ფურცელი; XIX-XX საუკუნეების პერიოდული გამოცემები; უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ტექნიკური განყოფილების დოკუმენტების ნახაზები; ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების მასალა.
რესტავრაცია ასევე ჩაუტარდა კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულ 304 ფოტოპოზიტივს (ორი ალბომი). ერთი ალბომი აერთიანებს ჟანდარმერიის მიერ გორში 1900-იან წლებში დაპატიმრებულთა ფოტოებს, ხოლო მეორე ასახავს 1975 წელს თბილისში მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნას“, – ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.