რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის რეაბილიტაციის თავდაპირველ გეგმაზე დაბრუნებას, კლინიკის დირექტორის გათავისუფლებასა და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის რეაბილიტაციის თავდაპირველ გეგმაზე დაბრუნებას, კლინიკის დირექტორის გათავისუფლებასა და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, კლინიკის თანამშრომლებთან ერთად, განცხადება გააკეთა და სამ მოთხოვნაზე ისაუბრა.

გიორგი დუნდუას თქმით, ითხოვენ, სახელმწიფო დაუბრუნდეს კლინიკის რეაბილიტაციის თავდაპირველ გეგმას, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან კლინიკის დირექტორი და თანამშრომლებს შეხვდეს პრემიერ-მინისტრი.

„17 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრის მიერ ტელეეთერებიდან გავრცელდა ინფორმაცია კლინიკის დანგრევის აუცილებლობის შესახებ. განცხადებას წინ უძღოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ არნახული და ბინძური დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა. ეს ის კლინიკაა, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო მრვალაპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას და დაარსების დღიდან დგას ხალხის სამსახურში, თავგანწირვით და ღირსეულად ემსახურება თავის ქვეყანას და მოქალაქეებს. აღნიშნულს მალე მოჰყვა სწორედ ზემოთხსენებული განცხადება, რომ კლინიკა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და უნდა დაინგრეს, თუმცა არსებობს სახელმწიფოს დაკვეთით შესრულებული კლინიკის რეაბილიტაციის პროექტი. ჩვენი მოთხოვნაა, პირველი – დავუბრუნდეთ რეაბილიტაციის თავდაპირველ გეგმას, არსებული პროექტით, რომელიც ითვალისწინებს კლინიკის რეაბილიტაციას მუშაობის უწყვეტობის პირობებში, აგრეთვე ნებისმიერი სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელების პროცესში არსებული სამედიცინო პერსონალის სრულ და უპირობო შენარჩუნებას; მეორე – ვინაიდან კლინიკის მოქმედი დირექტორი არ გამოხატავს კლინიკის ინტერესებს, ეწევა მის დისკრედიტაციას და არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მოვითხოვთ, გაათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან; მესამე – პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებიდან გამომდინარე, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასთან არ მიდის სწორი ინფორმაცია. ამიტომ საკითხის საბოლოოდ დაზუსტების მიზნით, ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას“, – განაცხადა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მისვლას, გიორგი დუნდუას თქმით, ემიჯნებიან ყოველგვარ პოლიტიკურ პარტიებს და მოძრაობას.

„ეს არ არის პოლიტიკური პროტესტი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თხოვნა ხელისუფლების მიმართ, რომ შენარჩუნდეს აღნიშნული კლინიკის მუშაობა უწყვეტად და გაითვალისწინოს კლინიკის თანამშრომლების თხოვნა. კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესს. არ ვმონაწილეობთ არანაირ პოლიტიკურ პროცესში“, – აღნიშნა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი დუნდუამ.