თეა თავართქილაძე - სამინისტრომ დააკმაყოფილა თანამშრომლების მოთხოვნები და ამ ეტაპზე მათი პროტესტი შეწყვეტილია, კლინიკა განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას
თეა თავართქილაძე - სამინისტრომ დააკმაყოფილა თანამშრომლების მოთხოვნები და ამ ეტაპზე მათი პროტესტი შეწყვეტილია, კლინიკა განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას

ზაზა ავალიანის მიერ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა თავართქილაძემ განუცხადა.

ამ ეტაპზე კლინიკის თანამშრომლები რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით საექსპერტო დასკვნის პასუხებს ელოდებიან, რომლის მიხედვით, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, რამდენად აუცილებელია კლინიკის შენობის ნაწილის დემონტაჟი.

თეა თავართქილაძის ინფორმაციით, კლინიკა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

„11 აპრილიდან მე ვასრულებ დირექტორის ფუნქცია-მოვალეობას. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე უწყვეტად მიმდინარეობს კლინიკური პროცესი. სამინისტროს წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის სახით მოვლინებული არიან კლინიკაში, რომლებიც გვეხმარებიან, ჩართული არიან ლოგისტიკის პროცესში. ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს სამინისტროდან. ამ ეტაპზე შეწყვეტილია პროტესტი, რაც კლინიკის თანამშრომლების მხრიდან იყო. სამინისტრომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები. კლინიკა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა გუშინ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა.