„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი - ჩვენთვის ყველაზე მთავარია, ჩავდგეთ კონკურენტუნარიან გარემოში და გვქონდეს თანაბარი ფასები
„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი - ჩვენთვის ყველაზე მთავარია, ჩავდგეთ კონკურენტუნარიან გარემოში და გვქონდეს თანაბარი ფასები

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხს გამოეხმაურა.

დევი ტაბიძე მთავრობის 520-ე დადგენილების ამოქმედებას მიესალმება, რომელიც ტარიფების გათანაბრებას ეხება.

ტაბიძის თქმით, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ფასები სხვა კლინიკებთან შედარებით, ყველაზე დაბალია და არაკონკურენტულ გარემოში იმყოფებიან. შესაბამისად, მთავრობის ბრძანება მეტწილად თანხვედრაშია იმ ტარიფებთან, რომლებიც „რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ სახელმწიფომ 2012 წელს დაუდგინა.

„ჩვენ ვმუშაობთ 2012 წელს დადგენილი ფასებით, ამას ჰქვია ისტორიული მინიმუმი. დღეს სამინისტროს პოლიტიკა გვთავაზობს ასეთ რამეს, რომ ფასების გათანაბრება მოხდეს. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ 520-ე დადგენილებით მოცემული მინიმალური თანხა ჩვენთვის მისაღებია, ეს არის საერთო შეწონილი თანხა. რასაც სამინისტრო გვთავაზობს, სხვადასხვა კლინიკებიდან მიწოდებული თანხის საშუალო არითმეტიკულია გამოყვანილი. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, ჩავდგეთ კონკურენტუნარიან გარემოში და ვიმუშაოთ ისე, როგორც მუშაობს სხვა. ჩვენ არც კვალიფიკაცია გვაკლია, არც პროფესიონალიზმი. ჩვენ ვართ სასწავლო-საუნივერსიტეტო კლინიკა. ასე რომ, ჩვენი კლინიკის არც მეტი, არც ნაკლები, ამ მომენტისათვის გამოსავალს ვხედავთ მხოლოდ ამაში, რომ ვიყოთ თანაბარ ფასებში და თანაბარ პოზიციებში. წარმოიდგინეთ ისეთი კლინიკები, რომლებსაც ჰყავთ ძალიან სერიოზული მესვეურები, ძალიან სერიოზული დამფინანსებლები. რესპუბლიკური საავადმყოფო არის ერთადერთი სახელმწიფო კლინიკა და სახელმწიფო გვთავაზობს იმ პოზიციას, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში განვავითარებთ ჩვენს მუშაობას. 90-95 პროცენტიანი დატვირთვა მაინც გვაქვს, მიუხედავად ასეთი მძიმე სიტუაციისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენთან კორონაროგრაფიაც კეთდება, სტენტირებაც, სხვაობა არის დაახლოებით 4-5 ათასი ჩვენსა და კერძო კლინიკებს შორის. ანუ მინიმუმ სამი ათასი და ეს სხვაობა სერიოზულად აისახება შემდეგ ჩვენს საქმიანობაზე“ ,- განაცხადა დევი ტაბიძემ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ტარიფების გათანაბრების პირობებში დაბალი ფასი მისასალმებელი არ არის, თუმცა მათთვის მისაღებია პოლიტიკა, რომელმაც  „რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ კონკურენტუნარიან გარემოში მუშაობა უნდა უზრუნველყოს.

„იმას არავინ ამბობს, რომ დაბალი ფასი უკეთესია. ჩვენთვის პოლიტიკა მისაღებია იმდენად, რამდენადაც ჩვენ, რესპუბლიკური საავადმყოფო, ჩავდგეთ კონკურენტუნარიან გარემოში და ზუსტად ისევე ვიმუშაოთ, იმ დატვირთვით, როგორც სხვა. რა დავაშავეთ, რომ ჩვენ არ გვყავს კერძო მფლობელები და მილიარდელები, არ გვაქვს ეს ფუფუნება. ყოველ შემთხვევაში, ეს საავადმყოფო რომ არსებობდა, არსებობს და უნდა იარსებოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“ ,- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრს შორის 4 დეკემბერს გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა. კერძოდ, როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკების ფინანსისტებით. ჯგუფში ასევე შევლენ პროფესიული გაერთიანებების წევრები.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრებას ეხება, არ გადავადდება, თუმცა ზემოაღნიშნული ჯგუფი ტარიფების შეცვლაზე იმუშავებს.