რესპუბლიკური საავადმყოფოს 21 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
რესპუბლიკური საავადმყოფოს 21 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ 60 პაციენტი იმყოფება.

კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათთან კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ ორი პაციენტი მკურნალობს.

ამასთან, გოფოძის განმარტებით, გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველას შემთხვევაში პასუხი უარყოფითი მიიღეს.

მისივე განცხადებით, დღეს კიდევ 25 პაციენტს გამოიკვლევენ.

„გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და 21-ვეს შემთხვევაში ნეგატიური პასუხი მივიღეთ. დღეს დაგეგმილია, ასევე, 25 პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა და ხვალისთვის გვეცოდინება მათი კვლევის შედეგები.

ჩვენი პაციენტებიდან ზოგიერთს აქვს მაღალი ცხელება, მაგრამ კლინიკაში განსაკუთრებულად მძიმე პაციენტი ამ თავლსაზრისით არ გვყავს. ჩვენ გვყავს ორი მძიმე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი არ აქვს და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან“ , – განაცხადა ლევან გოფოძემ.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, გოფოძის თქმით, ორივე მათგანს პნევმონია აქვს.

„გვყავს ორი კოვიდდადასტურებული, რომლებიც იმყოფებიან ბოქსებში. მათაც უტარდებათ მკურნალობა, ორივეს აღენიშნება პნევმონია, თუმცა, საბედნიეროდ, არც ერთს მართვითი სუნთქვა არ სჭირდება. მხოლოდ ჟანგბადის ინტენსიური მიწოდების ფონზე ინარჩუნებენ სუნთქვის ნორმალურ კომპონენტს“ , – განაცხადა გოფოძემ.

ლევან გოფოძის ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტი ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა.

„როგორც ვიცი, მეორე პაციენტი წარმოადგენს ე.წ ეროვნული ბანკის კლასტერს, ხოლო პირველი პაციენტი მარნეულიდანაა შემოყვანილი“ , – აღნიშნა ლევან გოფოძემ.