რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული შუახნის ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია 
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული შუახნის ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. პაციენტი შუახნის ქალია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ლევან გოფოძის განცხადებით, ის კონტაქტში იყო იტალიის ე.წ. კლასტერის წღმომადგენელთან და შესაბამისად, მისი ინფიცირების წყარო და კონტაქტები უკვე დადგენილია.

ამასთან, კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტის გარდა, კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 35 პაციენტი იმყოფება.

მათ ნაწილს კორონავირუსზე ტესტი უკვე ჩაუტარდა და კოვიდ19 არ დაუდასტურდა, 16 პირის პასუხი კი გვიან ღამით გახდება ცნობილი.

ლევან გოფოძე ამბობს, რომ მძიმეა ორი, არაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

„ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 36 პაციენტია, მათგან ერთია კოვიდინფექცია დადასტურებული პაციენტი, მისი ეპიდისტორია ცნობილია. მას ჰქონდა კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან და მხოლოდ შემდეგ იქნა ჩვენთან მოყვანილი. თვითონ საზღვარგარეთ მოგზაურობას არ აღნიშნავს, თუმცა ის ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა კონტაქტი, იყო შემოსული თუ არ ვცდები, იტალიიდან.
დანარჩენი პაციენტები ჩვეულებისამებრ იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. გუშინ დესტირება ჩაუტარდა 15 პაციებტს და 15-ივესთან ნეგატიური პასუხი მოვიდა. დღეს კიდევ დაახლოებით 16 პაციენტი არის დაკვირვების ქვეშ, გაუკეთდათ მათ ანალიზი და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მოგეხსენებათ, რესპუბლიკურ სავადმყოფოში პაციენტების რაოდენობა მუდმივად იცვლება, რადგან ჩვენ გამტარის ფუნქცია გვაქვს, ვიღებთ პაციენტებს, მათ ვაკვირდებით, ანალიზებს ვუტარებთ და შემდეგში სხვადასხვა კლინიკებში ვამისამართებთ. რაც შეეხება რეანიმაციაში მყოფ ორ პაციენტს, თქვენ იცით, რომ ამ პაციენტებს ნეგატიური აქვთ კოვიდინფექციაზე შედეგი, მაგრამ ორივეს ძალიან მძიმე პნევმონია აქვს, მათგან ერთი შეიძლება ითქვას, კრიტიკულ მდგომარეობაშია, მეორე პაციენტის მდგომარეობა კი შედარებით გაუმჯობესდა, მიმდინარეობს მკურნალობა“ , –  განაცხადა ლევან გოფოძემ.