რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 36 პაციენტი იმყოფება.
მისივე თქმით, მათი მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია.
„გუშინ ხუთს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა ნეგატიური პასუხი მივიღეთ. დღეს კიდევ ათ პაციენტს ჩაუტარდება ტესტირება, ჩვენების მიხედვით, რა თქმა უნდა. მათგან ზოგიერთი შემოსულია ღამე და ამ დილით. ყველა მათგანს აქვს ჩვენება ტესტირების ჩატარებისთვის. ყველას არ აქვს მოგზაურობის ისტორია, გვყავს ერთი აეროპორტის თანამშრომელი, რომელიც გამშვებ პუნქტთან მუშაობდა. იმას არავისთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ ცხელება გამოუვლინდა და ამიტომაც იქნა გადმოყვანილი. ასევე გვყავს შიდა კონტაქტები, მაგრამ ძირითადად საზღვრის კვეთით არიან აზერბაიჯანიდან შემოსული პაციენტები, ჩეხური კონტაქტიც გვყავს რამდენიმე. გუშინ გვყავდა 46 და ჩვენ რამდენიმე პაციენტი გავუშვით თვითიზოლაციაში, რამდენიმე კი პირდაპირ ბინაზე, რადგან ამოეწურათ საკრანტინო ვადა, ნაწილი კი კარანტინში იქნა გადაყვანილი“ ,- განაცხადა ლევან გოფოძემ.
გოფოძის ინფორმაციით, ისანში არსებულ საკარანტინო სივრცეში 46 ადამიანი რჩება.
„ჩვენ ასევე ვკურირებთ დიღომში სასტუმრო „თაუერია“-ს, აგრეთვე რუსთავში, თუმცა რუსთავს თავის თავზე აიღებს ჯანდაცვის სისტემა. იქ ვინც არის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, როგორც კი ჩნდება რაიმე ნიშანი, მაშინვე გადმოგვყავს“,- აღნიშნა ლევან გოფოძემ.
ლევან გოფოძე ამბობს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ემზადება, რათა ინფიცირებულთა მთავარი მიმღები გახდეს.
„ჩვენთან შემცირდა პაციენტების რაოდენობა, თანდათანობით შემცირდება და როგორც კი იქნება სწრაფი ტესტირება, ჩვენ მთლიანად ჩავერთვებით. ველოდებით ყოველ წუთას ამ ინფორმაციას“ ,- განაცხადა ლევან გოფოძემ.