რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 47 პირი მკურნალობს, ახალი პაციენტებიდან ხუთი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდანაა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 47 პირი მკურნალობს, ახალი პაციენტებიდან ხუთი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდანაა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 64 პაციენტი იმყოფება, მათგან 47 კორონავირუსით ინფიცირებულია.

კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, გუშინ შვიდი კოვიდინფიცირებული დაემატათ, ორი განკურნებული კი გაეწერა.

ამასთან, გოფოძის თქმით, ექვსი პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია და მათ განმეორებით კვლევა უტარდება.

„დღეს ექვს პაციენტს რეტესტირება უკეთდება, ანუ გუშინ გაკეთებული ტესტების შემდგომ ექვსივეს ტესტის პასუხი უკვე ნეგატიურია. დღეს დილას გაკეთდა მათი რეტესტირება, თუ მათზე ისევ უარყოფითი პასუხი მოვა, ხვალ მათაც გავუშვებთ სახლში. პირველად ტესტირებაზე დღეს სამი პაციეტის ანალიზები გაიგზავნა. ვნახოთ, როგორი რეზულტატი იქნება.

რაც შეეხება ცხელების ცენტრის თვალსაზრისით რომ შემოდიან ჩვენთან პაციენტები, დღეს 13 პაციენტს გაუკეთდა კვლევა“, –  განაცხადა გოფოძემ.

რაც შეეხება ახალი პაციენტების ინფიცირების წყაროებს, გოფოძე განმარტავს, რომ ხუთი ე.წ თეთრიწყაროს კლასტერიდანაა.

„ახალი პაციენტების მდგომარეობა ძირითადად ყველასი არის ნორმალური, რაც გულისხმობს იმას, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთ პაციენტს აქვს პნევმონიის ნიშნები. ისინი ახალი მიღებული არიან და ჯერჯერობით კვლევის შედეგებს ვერ გეტყვით. ხუთი არის ე.წ თეთრიწყაროს კლასტერიდან, ნაწილი თბილისიდან. ხუთივე პაციენტი არის ნორმალურ მდგომარეობაში, არც ერთს არ სჭირდება განსაკუთრებული ღონისძიებები, ისინი მოთავსებულები არიან იზოლირებულ სივრცეებში. მიმდინარეობს მათი კვლევა, მათზე დაკვირვება და მონოტორინგი“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.