რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ვაქცინაციაზე მიმართვიანობა გაიზარდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ვაქცინაციაზე მიმართვიანობა გაიზარდა

დღის განმავლობაში ჩვენთან 120 ადამიანი იცრება, ექიმების მომართვიანობაც გაიზარდა, მოვუწოდებ მოსახლეობას აუცილებლად აიცრან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიმაკაძემ განაცხადა.

ექიმის თქმით, ხვალიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიწყება „ფაიზერის“ აცრაც.

„დღეს ჩვენ კლინიკაში სრულდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია. ხვალიდან შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა. ამ ეტაპზე ჯერ არ მიგვიღია. ხვალ შემოიტანენ და დავიწყებთ უწყვეტ რეჟიმში ვაქცინაციის პროცესს. დაჯავშნილია უკლებლივ ყველა ადგილი. მართვას რაც შეეხება, არის სამი ამცრელი ჯგუფი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არიან, რომ აცრან პაციენტები. ნაკადების მართვას სრულად შევძლებთ, არის ამის საშუალება. ბოლო დღეებმა ნათლად გვანახა, რომ მომართვიანობა, როგორც ექიმების, ასევე 65 წელს გადაცილებული პირების გაიზარდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე. სრულად დაჯავშნილი იყო შაბათ-კვირის განმავლობაშიც და დღევანდელ დღესაც. დაახლოებით, დღის განმავლობაში, ჩვენთან 120 ადამიანი იცრება. მინდა აღვნიშნო, რომ ექიმების მომართვიანობაც გაიზარდა. მოვუწოდებ მოსახლეობას აუცილებლად აიცრან“, – განაცხადა ჩიმაკაძემ.