რესპუბლიკურ საავადმყოფოში 69 პაციენტია, 29 არის დადასტურებული კოვიდინფექციით, დანარჩენი პაციენტები კვლევის ფაზაში არიან
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 69 პაციენტია, 29 არის დადასტურებული კოვიდინფექციით, დანარჩენი პაციენტები კვლევის ფაზაში არიან

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 69 პაციენტი, 29 პაციენტი არის დადასტურებული კოვიდინფექციით, დანარჩენი პაციენტები არიან კვლევის ფაზაში, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

როგორც ლევან გოფოძემ აღნიშნა, კლინიკაში არიან პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, ნეგატიური ტესტი აქვთ და ამ ტესტების საფუძველზე ნაწილი საკარანტინო ზონაში გადავა, ნაწილი წავა სხვა კლინიკაში, რათა იქ განაგრძონ მკურნალობა.

„დღეს ორი პაციენტი დაგვემატა, თუმცა გუშინ შემოყვანილი პაციენტებიდან, ვისაც ტესტირება ჩაუტარდა, კიდევ რვა პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი და თანდათანობით მატულობს პაციენტების რიცხვი ჩვენთან. დღეისთვის 29 ინფიცირებული პაციენტი გვყავს, საბედნიეროდ არც ერთი მათგანი არ არის კრიტიკულად მძიმე, რამდენიმე პაციენტს აღენიშნება მძიმე პნევმონია, მაგრამ მართვით სუნთქვას ჯერ არ საჭიროებენ. მიმდინარეობს მკურნალობა დანიშნულების მიხედვით და დანარჩენი პაციენტები შეიძლება ჩაითვალოს, რომ არ არიან მძიმე პაციენტები, თუმცა ინტენსიურ თერაპიაზე და ინტენსიურ მეთვალყურეობას საჭიროებენ. გვყავს ერთი 16 წლის პაციენტი. ჩვენთან იმყოფებიან ასევე კლინიკა „თიმის“ დაინფიცირებული მედიკოსებიც, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ჩვენს პერსონალს, ვისაც ჩავუტარეთ ტესტირება, ყველა ნეგატიურია ანუ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ინფიცირებული პერსონალი არ ჰყავს.დღეს 21 პაციენტს ტესტირება ჩაუტარდება და ველოდებით მათ პასუხებს“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.