რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი 10 პაციენტს დაუდასტურდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი 10 პაციენტს დაუდასტურდა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 74 პაციენტი იმყოფება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, ამჟამად მათთან 21 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ტაბიძე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი ნიმუშებიდან, 10-ის შემთხვევაში კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიიღეს.

აღნიშნული 10 შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულ 336 მაჩვენებელში შედის.

დევი ტაბიძის განმარტებით, სინჯებს დღეს კიდევ 30 პაციენტს აუღებენ და კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში 74 პაციენტია. გუშინდელი გაგზავნილი ტესტებიდან 10 დადებითი კოვინფექცა მოვიდა და დღეისათვის 21 პაციენტი გვყავს, რომელიც დადასტურებულია. დღეს ვაპირებთ 30 ანალიზის გაგზავნას. დღის ბოლოს გვეცოდინება, რა იქნება. სამწუხაროდ, მზარდი ტენდენციაა და ეს მაქსიმალურად მიუთითებს იმაზე, რომ კიდევ ერთხელ უნდა დავიცვათ წესები, რათა თავი ავირიდოთ ძალიან არასასურველ შედეგებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა პაციენტს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება. ოღინდ ეს უნდა იყოს გინივრულ ჩარჩოებში“ , – განაცხადა დევი ტაბიძემ.

ამიტომ მან მოქალაქეებს მოუწოდა, წესები მაქსიმალურად დაიცვან.

„კეთილი ვინებოთ, ჩვენს მოსახლეობას ვთხოვ, გაითვალისწინონ, რომ ყველა კლინიკაში არის შედარებით მომატებული რადენობები, რაც ნიშნავს, რომ რაოდენობა იზრდება. მოდით, მობილიზებული ვიყოთ და ერთმანეთი დავიცვათ“ ,- განაცხადა ტაბიძემ.

რაც შეეხება ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ტაბიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დევი ტაბიძის თქმით, ინფიცირებულებს შორის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებიც არიან.

„მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. ჟანგბადდამიკიდებულნი არიან. პრაქტიკულად ყველგან ირმხრივი პნევმონიებია. იცით, სხვადასხვა წყაროებია, მთელს ქვეყანაში სადღაც 12 წყაროა, მათ შირის 12 წყაროდან ჩვენთანაც რამდენიმეა. ასაკობრივი მაჩვენებელი ყველასი 25-46 წლამდეა. გვყავს ერთი უფრო მეტი ასაკის. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები გვყავს. ისინი ჩვენს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან. შაქრიანი დიაბეტიანიც არის, თირკმლის უკმარისობით, პაციენტები ჰემოდიალიზზე გვყავს, ყველა შერეული ტიპისაა“ ,- აღნიშნა დევი ტაბიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 336 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 74 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5000 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494.