რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დატოვებს
რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დატოვებს

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას (რესპუბლიკური საავადმყოფო) დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დატოვებს, რომელსაც ვირუსზე რეტესტირების შედეგად ორჯერად ნეგატიური შედეგი გამოუვლინდა. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად საავადმყოფოში 67 პაციენტია დაკვირვების ქვეშ. მათგან 40 პაციენტს დადასტურებული აქვს „კოვიდ“ ინფექცია.

ამასთან როგორც ლევან გოფოძემ აღნიშნა, გუშინ კლინიკას ერთი ახალი პაციენტი დაემატა.

„აქვე უნდა გითხრათ, რომ სამაგიეროდ, ერთ პაციენტზე მოვიდა ორივე გადასამოწმებელი ტესტი ნეგატიური და დღეს ერთი გაჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს ჩვენს კლინიკას. ასევე, მეორე პაციენტზეც მოვიდა პირველი ტესტი, რეტესტირების შემდეგ უარყოფითი და დღეს განმეორებითი ტესტი გაუკეთდება. თუ აქაც უარყოფითი პასუხი იქნება, მაშინ მეორე პაციენტიც დატოვებს კლინიკას, მაგრამ უკვე ხვალ ალბათ. ნელ-ნელა დავიწყეთ ხალხის გაჯანმრთელება. ძალიან გვახარებს ყველას. ჩვენთან პირველი პაციენტია, ვინც გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისივე თქმით, ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დიდი სირთულეები არ არის. კლასტერი, როგორც ვიცი, არის დადასტურებული ანამნეზი და თუ არ ვცდები, არის მარნეული. შეიძლება, არ იყოს ეს ინფორმაცია ზუსტი. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ გვყავს კოვიდდადასტურებულები, თუმცა ორ პაციენტს საკმაოდ სერიოზულად მიმდინარე პნევმონია აქვს, მათ შორის, ერთგან, ჟანგბადდამოკიდებულია პაციენტი, რიგი თანმხლები დაავადებებით. ვნახოთ, როგორ წარიმართება მისი მკურნალობა. ყოველ შემთხვევაში, ამ წუთისათვის შეიძლება, შეფასდეს მძიმედ მათი მდგომარეობა, მაგრამ არა კრიტიკულად“, – აღნიშნა ლევან გოფოძემ.