რესპუბლიკის მოედანზე „ბოლტის“ მძღოლებმა აქცია გამართეს
რესპუბლიკის მოედანზე „ბოლტის“ მძღოლებმა აქცია გამართეს

რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია „ბოლტის“ მძღოლებმა აქცია გამართეს.

როგორც აქციიაზე მყოფმა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა, გურამ ჩუბინიძემ განაცხადა, პრობლემები არსებობს ტაქსის სისტემასა და მომსახურების სფეროში.

„საქართველოში, კერძოდ, თბილისში არის გლობალური პრობლემა ტაქსის სისტემასა და მომსახურების სფეროში. აქ ვართ შეკრებილი, რადგან უკონტროლო ვითარებაა „ბოლტის“ კომპანიასა და ტაქსის სხვა კომპანიებში. შემოედინება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ძალიან დიდი მასები. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩვეულებრივ შეუძლია დარეგისტრირება უცხო ქვეყნის მართვის მოწმობით. რეალურად, ეს ძალიან დიდი პრობლემაა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. ყველა ქვეყანას აქვს მოთხოვნა, რომ იქაური მართვის მოწმობა აიღო, წარადგინო ნასამართლეობის ცნობა, ფსიქო და ამის შემდეგ გეძლევა უფლება, იმუშაო ამა თუ იმ კომპანიაში. თბილისში ძალიან დიდი შემოდინებაა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, რომლებიც არ ფლობენ არც ქართულ მართვის მოწმობას, საკომუნიკაციო დონეზეც არ იციან ქართული ენა, არ იციან „მაპი“. ასევე, ძალიან დიდი პრობლემაა იმ მხრივ, რომ არ არის ჰიგიენა მათ ავტომობილებში, ხშირია შემთხვევა, როცა მომხმარებლები იწერებიან „საფორთში“, რომ ესა თუ ის მოქალაქე ჩაუჯდა „ბოლტის“ უცხო ქვეყნის წარმომადგენელს და კონკრეტულ მისამართამდეც ვერ მიიყვანა. გარდა ამისა, არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს „ბოლტის“ წარმომადგენლებთან. მათ ჰქონდათ სათავო ოფისი. 1-ელ თებერვალს ეს ოფისი დაიკეტა. ვწერთ „საფორთს“, საიდანაც ვერასდროს პასუხს ვერ ვიღებთ. მაგალითად, შეიძლება ადამიანმა გამოიძახოს ტაქსი, ჩაუჯდეს მომხმარებელი, ცუდი ხასიათიდან გამომდინარე დაუწეროს ცუდი კომენტარი და „ბოლტი“ დაგბლოკავს სამუდამოდ.  ასევე დიდი პრობლემაა „მაპები“. უამრავი ადამიანი უსამართლოდ არის დაბლოკილი, მათ ჰყავთ ოჯახები და ასეთი უსამართლობაა „ბოლტის“ და სხვა კომპანიების მხრიდან“, – განაცხადა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა, გურამ ჩუბინიძემ.