რესპუბლიკელი სენატორი მაიკ ლი – პრეზიდენტო ტრამპ და ვიცე-პრეზიდენტო ვენს, მადლობა ჩვენი ქვეყნის დაცვისა და ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებისთვის
სენატის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ლი აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
რესპუბლიკელი სენატორი ტრამპს მადლობას უხდის აშშ-ის პირველ ადგილზე დაყენებისთვის.
„მადლობა ჩვენი ქვეყნის დაცვისა და ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებისთვის, პრეზიდენტო ტრამპ და ვიცე-პრეზიდენტო ვენს“, – წერს მაიკ ლი.
ის ასევე აკრიტიკებს რესპუბლიკელ დონ ბეიკონს, რომელმაც, თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი გააკრიტიკა. „ცუდი დღეა ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის. უკრაინელებს დამოუკიდებლობა სურთ, თავისუფალი ბაზარი და კანონის უზენაესობა. მათ სურთ, იყვნენ დასავლეთის ნაწილი. რუსეთს ვძულვართ ჩვენ და დასავლური ღირებულებები. მკაფიოდ უნდა ვიდგეთ თავისუფლებისკენ“, – დაწერა ბეიკონმა.
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.