რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი სანქციებით დაემუქრა აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც ჰააგის სასამართლოს მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ გაცემულ დაკავების ორდერს შეასრულებენ
რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი სანქციებით დაემუქრა აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც ჰააგის სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიმართ გაცემულ დაკავების ორდერს შეასრულებენ. ამის შესახებ სენატორმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
გრემის თქმით, ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის შესრულება შეუძლია რომის სტატუტის ხელმომწერ 124 ქვეყანას.
„თქვენ თუ, როგორც სახელმწიფო, დაეხმარებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნეთანიაჰუს და გალანტის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაკავების ორდერის აღსრულებაში, მე დაგიწესებთ სანქციებს, როგორც სახელმწიფოს. თქვენ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება გარიყულ ჰააგის სასამართლოსა და ამერიკას შორის“, – განაცხადა გრემმა.
სენატორმა აღნიშნა, რომ მუშაობს რესპუბლიკელ სენატორთან, ტომ კოტონთან ერთად კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ხელს შეუწყობს „ისრაელის ნებისმიერი პოლიტიკოსის“ დაკავებას.
„ჩვენ უნდა გავანადგუროთ თქვენი ეკონომიკა, რადგან ჩვენ ვიქნებით შემდეგი. რატომ არ შეუძლიათ მათ დონალდ ტრამპის ან ნებისმიერი სხვა პრეზიდენტის სამართლებრივი დევნა ამავე თეორიით? აშშ-ის უახლოესი სავაჭრო პარტნიორების უმეტესობა ვალდებულია, დაიცვას ეს გადაწყვეტილება“, – დასძინა სენატორმა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ვალდებულია, შეასრულოს ჰააგის სასამართლოს ორდერი, ანალოგიური განცხადება გააკეთეს ირლანდიის, ესპანეთის, ნიდერლანდების და ევროპის სხვა ქვეყნების ლიდერებმა.
„ნებისმიერი მოკავშირე, კანადა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი, თუ თქვენ შეეცდებით დაეხმაროთ ჰააგის სასამართლოს, ჩვენ დაგიწესებთ სანქციებს“, – თქვა გრემმა.
ცნობისთვის სისხლი სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუს და ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის, ასევე „ჰამასის“ სამხედრო ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერები გასულ კვირაში გასცა.
ნეთანიაჰუმ ეს გადაწყვეტილება ანტისემიტიზმად შეაფასა, ხოლო სასამართლოს ბრალდებები „აბსურდულად და ყალბად“ მოიხსენია.
ისრაელის უახლოესმა მოკავშირეებმა, მათ შორის აშშ-მა, დაგმეს დაკავების ორდერები. აშშ-მ განაცხადა, რომ „პრინციპულად უარყოფს“ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ არ შეასრულებს დაკავების ორდერებს.