რექს ტილერსონი ევროპულ ტურნეს იწყებს
რექს ტილერსონი ევროპულ ტურნეს იწყებს

რექს ტილერსონი ევროპულ ტურნეს იწყებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს გაერთიანებულ სამეფოში ჩავა, სადაც დაგეგმილია შეხვედრა მის ბრიტანელ კოლეგა ბორის ჯონსონთან. მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის იქნება ირანის ბირთვული შეთანხმება, ასევე სირიასა და ლიბიაში არსებული ვითარება. მხარეები ასევე განიხილავენ ჩრდილოეთ კორეის და უკრაინის საკითხს.

​„ირანის საკითხი სხვადასხვა მოლაპარაკებები დროს იქნება განხილული. აშშ-ს ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად სურს ირანის ბირთვულ შეთანხმებაში არსებული ხარვეზები აღმოფხვრას”, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

როგორც თეთრ სახლში განმარტეს, ტილერსონის ტურნეს მთავარი მიზანი ტრანსატლანტიკური ალიანსის მიმართ აშშ-ის ერთგულების ხაზგასმაა.

უკვე ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს პარიზში ელოდებიან. ტილერსონი ფრანგ კოლეგასთან ერთად ხელს მოაწერს ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო თანამშრომლობის შეთანხმებას. ამ პარტნიორობის მიზანია გაძლიერდეს ზეწოლა იმ სახელმწიფოებზე ვინც მასობრივი განადგურების იარაღს იყენებს.

„ეს არის პრეზიდენტის პრიორიტეტი. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა გამოიყენა ყველა შესაძლებლობა დაეცვა სირიის მმართველი ასადის რეჟიმი, რომელიც განაგრძობს ქიმიური იარაღის გამოყენებას”, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

რექს ტილერსონის ტურნე 25 იანვარს დავოსში გაგრძელდება, სადაც ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად მონაწილეობას მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს. 26 იანვარს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვარშავაში ჩავა.
„პოლონეთი არის NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორი, ამიტომ გვინდა გამოვიყენოთ ეს ვიზიტი, რომ გავაძლიეროთ ამ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა”, – განაცხადეს აშშ-ის საგარეო უწყებაში.
ტურნეს დასასრულს ტილერსონი აუშვიცის ბანაკის გათავისუფლების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.