„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ -მსოფლიოში ჟურნალისტების მიმართ ზიზღი მატულობს
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ -მსოფლიოში ჟურნალისტების მიმართ ზიზღი მატულობს

მსოფლიოში ჟურნალისტების მიმართ ზიზღი მატულობს. ამის შესახებ  საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი. 2018 წლის “პრესის თავისუფლების ინდექსში” ნათქვამია, რომ სახელმწიფოთა 42%-ში მედიის თავისუფლების ხარისხი დაეცა. ანგარიშის ავტორთა თქმით, ყველაზე ცუდი მდგომაროება ევროპაში იყო, სადაც ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულება უფრო ნეგატიური გახდა.

„დემოკრატიისთვის საჭიროა დისკუსია და კრიტიკა. ისინი, ვინც ავრცელებენ ზიზღს ჟურნალისტების მიმართ და კითხვის ქვეშ აყენებენ მედიის ნდობას, მიზანმიმართულად ანგრევენ დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

2018 წელს “პრესის თავისუფლების ინდექსი” ყველაზე მკვეთრად ევროპის 5 ქვეყანაში დაეცა. ესენია – მალტა, რომელმაც 18 საფეხურით დაიწია უკან და 65-ე ადგილზე აღმოჩნდა. ასევე ჩეხეთი, რომელიც 11 ადგილით ჩამოქვეითდა და 34-ე პოზიციაზეა, სლოვაკეთი და სერბეთი, რომლებმაც 10-10 პოზიცია დაკარგეს და შესაბამისად 27-ე და 76-ე ადგილზე იმყოფებიან.

ანგარიშის ავტორთა თქმით, ამ ქვეყნების ლიდერები ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ განცხადებებს არ ერიდებიან. ზოგიერთმა მათგანმა კი ჟურნალისტებს სასამართლოშიც კი უჩივლა.

ევროპაში მედიის თავისუფლების ინდექსის დაცემის მთავარ მიზეზად, მალტასა და სლოვაკეთში ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტების მკვლელობა დასახელდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2017 წელს მედიაგარემო გაუარესდა პოლონეთში, უნგრეთში, თურქეთში. ანგარიშის ავტორთა თქმით, თურქეთი დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვით მსოფლიოში ლიდერია.

რუსეთმა რეიტინგში 148-ე ადგილი შეინარჩუნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მედია შეუჩერებლად ავრცელებს სახელმწიფო პროპაგანდას, ხოლო დამოუკიდებელი მედიასაშუალებები მთავრობის მხრიდან ზეწოლას განიცდიან და ხშირად მძიმე ფინანსური წნეხის ქვეშ ექცევიან. 2017 წელს რუსეთში 40 ბლოგერი და ჟურნალისტი მოხვდა ციხეში, 5 კი იძულებით მოათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში.

რაც შეეხება რეიტინგის ლიდერებს, ესენია ნორვეგია, შვედეთი, ნიდერლანდები და ფინეთი. ნუსხაში ბოლო ადგილებს იკავებს ჩინეთი, სირია, თურქმენეთი, ერითრეა და ჩრდილოეთ კორეა.

ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ადგილად კვლავ სირია რჩება. მხოლოდ შარშან სირიაში 13 რეპორტიორი მოკლეს, ხოლო 20 ჟურნალისტი დღემდე შეიარაღებული დაჯგუფებების ტყვეობაში რჩება.

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე პრესის თავისუფებსი ინდექსს 2002 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია 180 ქვეყანაში არსებული მედიაგარემო.

რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშის ავტორთა თქმით, ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნებიდან რეიტინგში დაწინაურდა საქართველო- სამი საფეხურით და 61-ე ადგილზეა, ერთი საფეხურით წაიწია წინ უკრაინამ და 101 პოზიციაზეა.

დატოვე კომენტარი