„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოების სიღრმისეულ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოების სიღრმისეულ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოების სიღრმისეულ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ვრცლად არის აღწერილი ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემთხვევა და აღნიშნულია, რომ ლაშქარავას 20-მდე ჰომოფობი ექსტრემისტი სცემდა. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის დაკავებულია მხოლოდ ხუთი თავდამსხმელი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ლაშქარავას და კიდევ 52 სხვა ჟურნალისტს თავს დაესხნენ, როდესაც ისინი თბილისში პრაიდის მსვლელობის წინააღმდეგ კონტრ-დემონსტრაციას აშუქებდნენ.

როგორც ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განცხადებაში ვკითხულობთ, კვირას შუადღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება გამხდარიყო. თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა დაიწყო გამოძიება იმ კლინიკის სამედიცინო სამსახურის ქმედებებთან დაკავშირებით, სადაც ლაშქარავას მკურნალობდნენ. ის კლინიკიდან ოპერაციის შემდგომ 8 ივლისს გაწერეს.

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ლაშქარავას ოჯახი, რომელიც არ ენდობა მთავრობას, წარუმატებლად ეცადა მისი ცხედრის სამედიცინო ექპერტიზაზე გადაყვანას შეწინააღმდეგებოდა. ზოგიერთი ნათესავი მიღებული ტრავმების შედეგად თრომბოემბოლიას არ გამორიცხავს.

„50-ზე მეტ ჟურნალისტზე კოორდინირებული თავდასხმის შემდეგ, ალექსანდრ ლაშქარავას საეჭვო გარდაცვალება არის კატასტროფული გარდამტეხი მომენტი საქართველოში ინფორმირების თავისუფლების კუთხით. გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციის მცდელობის ნაცვლად, ჩვენ ვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს მისი გარდაცვალების და იმ ჟურნალისტებზე თავდასხმების გარემოებების სიღრმისეული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება, რომელთა დაცვა პოლიციამ ვერ უზრუნველყო. ოფიციალური პირების პასიურობა ჰომოფობიური მოძრაოებების მიერ ჟურნალისტების დაშინების უკიდურესი მცდელობის წინაშე ძირს უთხრის მთავრობისადმი ნდობას, რომელიც არ უნდა იყოს შემწყნარებელი დაუსჯელობის მიმართ და რომელმაც საკუთარ თავზე უნდა აიღოს ამ საქმეში თავისი წილი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟანა კავალიემ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პოსტით მწუხარება გამოთქვა „დაუჯერებელი ტრაგედიის“ გამო, მხოლოდ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც მოინახულა ლაშქარავას ოჯახი სამძიმრისთვის, მკაფიოდ დაგმო ძალადობა და საჯაროდ დაიცვა გამოხოატვის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.