„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს ორი ფრანგი ჟურნალისტის საქართველოში არშეშვების ფაქტს
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ორი ფრანგი ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვებას ეხმაურება.
ორგანიზაცია გმობს საქართველოს ხელისუფლების შემაშფოთებელ ტენდენციას, ხელი შეუშალოს დამოუკიდებელ მედიას მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გაშუქებაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებს, კლემან ჟირარდოსა და ჟერომ შობოს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს დასაბუთების გარეშე.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღნიშნავს, რომ 10 აპრილს ფრანგმა ფოტოჟურნალისტმა, ჟერომ შობომ სარჩელი წარადგინა საქართველოს საზღვრიდან მის თვითნებურ გაძევებასთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანალოგიური აკრძალვის წინაშე ორი თვის წინ კლემენ ჟირარდოც აღმოჩნდა.
ორგანიზაციის ცნობით, 2025 წლის 12 თებერვალს ჟირარდოს უარი უთხრეს ქვეყანაში შესვლაზე ყოვლგვარი საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, მუხედავად იმისა, რომ ის საქართველოში ათ წელზე მეტია, მუშაობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა, სასამართლო სხდომა კი 23 ივნისს არის დანიშნული.
„ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ორი ფრანგი ჟურნალისტისთვის, რომლებიც ცნობილი არიან 26 ოქტომბერს ჩატარებული სადავო არჩევნების წინააღმდეგ პროტესტის ადგილზე გაშუქებით რეპორტიორების დაშინების შეგნებული სტრატეგიის ნაწილია. RSF-ი მტკიცედ გმობს ამ არამართლზომიერ გაძევებებს, მოუწოდებს მმართველ პარტიას, დაიცვას საქართველოს პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის ვალდებულებები და მოუწოდებს საფრანგეთსა და ევროკავშირს, ზეწოლა მოახდინონ საქართველოს მთავრობაზე“, – განაცხადა RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჟან კაველიემ.