რეორგანიზაციის შედეგად, სამინისტროებიდან 200-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს
რეორგანიზაციის შედეგად, სამინისტროებიდან 200-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს

მთავრობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, სამინისტროებიდან 200-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს. შესაბამისი მონაცემები პირველმა არხმა რამდენიმე უწყებიდან მოიპოვა.

ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებში 357 საშტატო ერთეული იყო გათვალისწინებული. რეორგანიზაციის შემდეგ, თანამშრომელთა რაოდენობა 56-ით შემცირდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერწყმის შედეგად, განხორციელდა 77 საშტატო ერთეულის ოპტიმიზაცია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გათავისუფლდა 76 თანამშრომელი. აქედან, პირადი განცხადებით – 14, რეორგანიზაციის შედეგად – 8, ხოლო 54 თანამშრომელი სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში გადაიყვანეს.

რეორგანიზაციის შესახებ მონაცემები არ მოგვაწოდა კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

რაც შეეხება თანხების ეკონომიას, ამას უწყებები წლის ბოლოსთვის შეაჯამებენ. თუმცა, მაგალითად, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მხოლოდ ხელფასის სახით დაახლოებით მილიონ ლარს დაზოგავენ.

პარლამენტმა მთავრობის რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტი 2017 წლის დეკემბერში დაამტკიცა. რეორგანიზაცია კი სამთვიან ვადაში განხორციელდა.