რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - სოფელ ბუკნარში მუსლიმთა თემის უფლებები დაცულია, არავინ ხელს არ უშლის, ესკალაცია მოჰყვა სხვადასხვა რაიონიდან ხალხის ჩასვლას
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე - სოფელ ბუკნარში მუსლიმთა თემის უფლებები დაცულია, არავინ ხელს არ უშლის, ესკალაცია მოჰყვა სხვადასხვა რაიონიდან ხალხის ჩასვლას

სახელმწიფოს მხრიდან დეკლარირებულია, რომ რელიგიის თავისუფლება საქართველოში იყო, არის და მომავალშიც იქნება დაცული, – ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს.

ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, სოფელში მუსლიმთა თემის უფლებები დაცულია, მათ ლოცვაში ხელს არავინ უშლის, სიტუაციის ესკალაცია კი სხვადასხვა რაიონიდან ხალხის ჩასვლამ გამოიწვია.

„საქართველო ისტორიულად ტოლერანტული სახელმწიფო იყო, არის და იქნება. ამას ვერავინ შეუშლის ხელს. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, საქმეში ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება – გუბერნატორი, მისი მოადგილე, მერი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. დღეს გაიმართა შეხვედრა ადმინისტრაციის შენობაში, იყო მუსლიმთა 10-12-კაციანი შემადგენლობა. ნორმალურად იყო კომუნიკაცია და საუბარი. შემდგომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები და თემი მოსახლეობას შეხვედროდა სოფელში. სოფელში, სამოციქულო სახლში ამ წუთებშიც მიმდინარეობს შეხვედრა. მათ შორის ურთიერთობის არანაირი პრობლემა არ არსებობს.

სახელმწიფოს მხრიდან დეკლარირებულია, რომ რელიგიის თავისუფლება საქართველოში იყო, არის და მომავალშიც იქნება დაცული. მუსლიმ თემს, ვინმემ ვინმეს რომ ხელი შეუშალოს გამორიცხულია, ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული და როგორც აქამდე აგრძელებდნენ, ისე გააგრძელებენ მომავალში.

ყველაზე მთავარია, ტემპერატურამ დაიწიოს, ადგილი არ ჰქონდეს ექსცესებს და არსებულ სიტუაციაში დაბრუნდეს მდგომარეობა. თუ ლოცვა უნდა მუსლიმ თემს, გააგრძელოს და მათი უფლებები იყოს დაცული. რვა თვის განმავლობაში აქვთ ეს სალოცავი და ტარდება წირვა-ლოცვა, მათი უფლებები დაცულია, არავინ ხელს არ უშლის. დაპირისპირება გამოიწვია გარკვეული ჯგუფების მასობრივმა შედინებამ, რამაც კითხვები გააჩინა. დაახლოებით 50 მუსლიმი შედის და ლოცულობს. გარკვეული ესკალაცია მოჰყვა სხვადასხვა რაიონიდან, ქალაქებიდან ხალხის ჩასვლას. ის ხალხი, ვინც სხვადასხვა რაიონიდან არის ჩასული, უნდა დაბრუნდეს თავის ადგილებზე. ეს პრობლემები მოგვარდება. აღნიშნულ თემთან შედგება დიალოგი და კონსესუსი. სხვა რაიონებიდან ჩასული ხალხი დაბრუნდება თავის ადგილზე და განეიტრალდება სიტუაცია უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში გუშინ დაპირისპირება მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, რომელიც მუსლიმურ თემს წარმოადგენს, სოფელში სალოცავის მოწყობა სურს, რასაც სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბუკნარში დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

დატოვე კომენტარი