რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2018-2019 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2018-2019 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2018-2019 წლების ანგარიშისა და ფოტოალბომის „რწმენა თავისუფლების აქტია“ პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას საქართველოში მოქმედი რელიგიური, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე. მან ასევე ისაუბრა „ინტერრელიგიური სათათბიროს“ საქმიანობაზე, ასევე სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისათვის გაწეულ ფინანსურ თუ სხვა სახის დახმარებაზე.

„ყველაზე მტკივნეულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, როგორც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ასევე საქართველოს კულტურული და ისტორიული კვალის წაშლის მიმართულებით. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დარღვეულია ადამიანის უფლებები, რელიგიური უფლებები, დაწყებული სიცოცხლის მოსპობით, გადაადგილების უფლებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებით დამთავრებული.  შეიძლება ითქვას, რომ ამ რეგიონებში ხდება ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია, სეგრეგაცია მართლმადიდებლების და ქართველების. მაგალითს მოვიყვან – ვერ გადადის აფხაზეთის რეგიონში ქართველი, მართლმადიდებელი და იქ გადადის საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით სომხური, კათოლიკური, ლუთერული ეკლესიის წარმომადგენელი. ამაში ჩვენი ქვეყანაც ეხმარება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიის შესახებ კანონის სრული დაცვით ზუგდიდის ზონიდან გადავიდეს, მაგრამ ვერ გადადიან ქართველები და ამაზე აქცენტები გაკეთდება“, – განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.