საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი სანაკრებო კარიერას ასრულებს. ის 27 ნოემბერს თბილისში უკრაინის წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 30 ნოემბერს ტენერიფეში ესპანეთს დაუპირისპირდება. ეს იქნება მისი 202-ე, ბოლო სანაკრებო მატჩი კარიერაში.
გიორგი ჯამლეტ ხუხაშვილის აღზრდილია, რომელიც თავიდანვე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა და განსაკუთრებულად ითვლიდა შერმადინის რეკორდებს. 20 წლის განმავლობაში მას მართლაც ბევრი რეკორდი მოუგროვდა.
გავიხსენოთ შერმადინის კარიერა რიცხვების დახმარებით.

2023 წელს საქართველოს ნაკრებმა პირველად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი შეხვედრა კაბო ვერდესთან გამართა (85:60), ხოლო პირველი ქულები რატი ანდრონიკაშვილის პასით გიორგი შერმადინმა ჩააგდო.

2008 წელს გიორგი შერმადინი თბილისური „მაკაბიდან“ პირდაპირ ევროგრანდში მოხვდა – საბერძნეთის „პანათინაიკოსმა“ ჟელკო ობრადოვიჩის ხელმძღვანელობით 2009 წელს ევროლიგა მოიგო.
„გიორგი შერმადინი შესანიშნავი პიროვნება და მშრომელი მოთამაშეა. იგი „პანათინაიკოსში“ ძალიან ახალგაზრდა იყო და სათამაშო დრო სჭირდებოდა. ასაკის მატებასთან ერთად მას გამოცდილებაც მოემატა და მიხარია, რომ ასეთ დონეზე თამაშობს“, – გვითხრა ჟელიმირ ობრადოვიჩმა 2015 წელს, იტალიის ქალაქ ტრიესტეში სანაკრებო ოთხთა ტურნირის მსვლელობისას.
თუ 2008-09 წლებში შერმადინს ძალიან მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, 2014 წელს „ოლიმპიაკოსის“ შემადგენლობაში სრულფასოვნად თამაშობდა და მისი დიდი წვლილიცაა, ბერძნებმა ევროლიგა რომ მოიგეს.

ვლადიმერ ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე – ეს ოთხი კალათბურთელი გიორგი შერმადინის ორმაგი გუნდელი იყო. რას ნიშნავს „ორმაგი?“ – გიორგი მათთან ერთად ნაკრებშიც თამაშობდა და კლუბშიც.
2010 წელს 17 წლის ქართველი ცენტრი ბერძნული „პანათინაიკოსიდან“ სლოვენიის „ოლიმპიაში“ იჯარის წესით გადავიდა, სადაც ვლადიმერ ბოისა დახვდა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა „ოლიმპიასთან“ ერთად სლოვენიის თასი მოიპოვეს.
2011-12 წლების სეზონში შერმადინმა იტალიური „კანტუს“ მაისური მოირგო, სადაც მანუჩარ მარკოიშვილთან ერთად ევროლიგაზე წარმატებით გამოდიოდა. შერმადინმა ამ კანტუელებთან ერთად სეზონი ვერ დაასრულა – უფრო მაღალი ამბიციების მქონე თელ-ავივის „მაქაბიმ“ წაიყვანა.
გავიდა ერთი წელი და შერმადინი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელის გვერდით მოხვდა – ვიქტორ სანიკიძესთან ერთად „სარაგოსა“ ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში გაიყვანა, თუმცა ამ ეტაპზე გუნდს შერმადინი ვერ დაეხმარა – კვლავ ევროლიგის ტიტულის მაძიებელმა კლუბმა წაიყვანა. ამჯერად ბერძნულმა „ოლიმპიაკოსმა“.
2016-17 წლების სეზონი – შერმადინი და ბურჯანაძე ერთდროულად იცავდნენ „ანდორის“ ღირსებას, რომელიც იმ წელს ევროგრანდებთან ტოლ-სწორად თამაშობდა.

შერმადინების ოჯახში ექვსი წევრია: გიორგი, მეუღლე ანი ამაშუკელი და ოთხი შვილი (ორი ტყუპი).
„გიორგი პირველად უცნაურ სიტუაციაში ვნახე: კარში შემოვიდა ნორმალური სიმაღლის ჯამლეტ ხუხაშვილი და მას მოჰყვა პიროვნება, რომელსაც თვალი რომ ავაყოლე, აღარ დამთავრდა. მივხვდი, კალათბურთელი იქნებოდა. დღეს ის ჩემი მეუღლეა“, – იხსენებს გიორგისთან პირველ შეხვედრას ანი ამაშუკელი.

„2005 წელს თბილისის „მაკაბიში“ რომ ვთამაშობდი, მწვრთნელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა მითხრა – ხვალ პირველ გუნდს უნდა დაემატოო. მაისური არ მქონდა და დათო ენუქიძემ მომიტანა. სწორედ მას ეცვა „მაკაბიში“ 9-ნომრიანი მაისური. მას მერე 9-იანით ვთამაშობ. კლუბში ეს ნომერი სადაც დაკავებული დამხვდა, 19 ავირჩიე“, – იხსენებს გიორგი შერმადინი.

გიორგი შერმადინი თბილისური „მაკაბიდან“ ევროპაში გადასვლის შემდეგ ცხრა გუნდში თამაშობდა. აქედან ორში სხვადასხვა დროს ორჯერ დაბრუნდა – „ოლიმპიაკოსში“ და „კანტუში“. პირველ შემთხვევაში დაბრუნება წარმატებული გამოდგა: გიორგიმ ევროლიგა მოიგო.
„ბოლო 7 წელია ტენერიფეში ვთამაშობ, ძალიან კარგად მოვეწყვე. მწვრთნელისგან დიდ ნდობას ვგრძნობ და კარგად ვუგებ გამთამაშებელ მარსელინიო უერტასს“, – ამბობს გიორგი შერმადინი.
გთავაზობთ გიორგის საკალათბურთო რუკას:

გიორგი 13-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო კალათბურთელი, რაც აბსოლუტური რეკორდია. მეორეა ტანოკა ბერდი 10 ტიტულით. ხოლო 2024 წლის 17 მარტს შერმადინი მეოცედ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ტურის მოთამაშე. ამ მაჩვენებლით მან ლეგენდარულ არვიდას საბონისს გადაასწრო.
არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დასახელდა.

ესპანეთის ჩემპიონატის ერთ მატჩში გიორგის საუკეთესო მაჩვენებელი 32 ქულაა. მან ეს შედეგი 2019 წლის 21 დეკემბერს „ტენერიფე“-„გრან კანარიას“ (100:76) შეხვედრაში დააფიქსირა.

გიორგი შერმადინმა „მაკაბის“ მაისურით საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატში 89 ქულა ჩააგდო (სოხუმთან), ხოლო უკვე საქართველოს თასზე გიორგის 76 ქულა აბსოლუტური რეკორდია.
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჰქონდა 60 და 54-ქულიანი მატჩებიც.

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე წლების განმავლობაში საუკეთესო მექულე ჩეხი ვოიცეხ ჰრუბანი იყო – 1115 ქულით. მას 2024 წელს გიორგი შერმადინმა გაასწრო და, სადღეისოდ, 1315 ქულით ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირია.

2006 წლის 3 სექტემბერი, საქართველო-ლუქსემბურგი 86:44. ეს თამაში ყველას ფაჩულიასა და ჯონსის ჩხუბით დაამახსოვრდა. გიორგი შერმადინისთვის კი სხვა მხრივ იყო მნიშვნელოვანი – ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი შედგა.
ევრობასკეტი 2013, საქართველო-პოლონეთი 84:67. სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია გამოგვაკლდნენ. პირველივე მატჩში შერმადინმა პოლონელი ვარსკვლავი მარცინ გორტატი გააჩერა, ქართველებმა დამაჯერებლად მოიგეს და ნამატჩევს იგორ კოკოშკოვმა თქვა – გიორგი შერმადინი ევროპის საუკეთესო ცენტრიაო.
2019 წლის 3 დეკემბერი, საქართველო-ისრაელი 71:69. მატჩის ბოლოს იყო წამი, რომელზეც ბევრი კალათბურთელი ოცნებობს – დამატებითი დროის დასასრულს გიორგი შერმადინმა პიკ-ენდ-როლი გაითამაშა თად მაკფადენთან, ბურთი ფარქვეშ მიიღო და ფარიდან ასხლეტით ჩააგდო – 71:69. „ჩააგდო“ დასაწერად იოლია, შესასრულებლად ძალიან რთული იყო, გასახსენებლად კი საოცარი – იმ წამმა ხომ სპორტის სასახლეში შეკრებილი გულშემატკივარი უზომოდ გაახარა.
„საოცარი შეგრძნება იყო, – იხსენებს შერმადინი, – ეს უკვე მოგებას ნიშნავდა, კიდევ უფრო სასიამოვნო იყო, რომ ქართველ გულშემატკივარს სიხარული მივანიჭე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფრენა შემეძლო“.
2025 წელს, თავის მეექვსე ევრობასკეტზე მეოთხედფინალში ფინეთთან ითამაშა. ეს მისი მეორასე სანაკრებო შეხვედრა იყო (ოფიციალური+ამხანაგური). სხვათა შორის, მეექვსე ევრობასკეტიც რეკორდული მაჩვენებელია – არცერთ ქართველ კალათბურთელს არ უთამაშია ექვს ევროპის ჩემპიონატზე.

1742 ქულა საქართველოს ნაკრებში. მსუყე სტატისტიკაა, თუმცა ეს საბოლოო არ არის – გიორგი შერმადინი 27 და 30 ნოემბერს ეროვნულ გუნდში კიდევ ორ მატჩს გამართავს. კარიერას კი 202 სანაკრებო მატჩით დაასრულებს, რამდენი ქულით? – 30-ში გავიგებთ.