რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აქუიუს ატომური ელექტროსადგური თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი უმსხვილესი ინვესტიციაა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აქუიუს ატომური ელექტროსადგური თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი უმსხვილესი ინვესტიციაა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა აქუიუს ბირთვული ელექტროსადგური ოფიციალურად გახსნეს. გახსნის ცერემონიალში რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი დისტანციურად მონაწილეობდნენ.

როგორც გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, ბირთვული საწვავის მიწოდებით აქუიუს ატომურმა ელექტროსადგურმა ოფიციალურად მიიღო ბირთვული ობიექტის სტატუსი. მისი თქმით, მართალია, 60-წლიანი შეყოვნებით, თუმცა თურქეთი გადავიდა ბირთვული ენერგეტიკის მქონე მსოფლიოს ქვეყნების ლიგაში.

ერდოღანის თქმით, აქუიუს სადგური არის თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი უმსხვილესი ინვესტიცია. როგორც თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, პროექტი ხელს შეუწყობს თურქეთში წელიწადში 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირის იმპორტის შემცირებას. მისი თქმით, ბირთვული სადგურის ამოქმედება დადებითად აისახება ეროვნული შემოსავლის ზრდაზე. როგორც მოსალოდნელია, ბირთვული ელექტროსადგური ელექტროენერგიის წარმოებას მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს.

მერსინის პროვინციაში ბირთვული სადგურის მშენებლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება თურქეთმა და რუსეთმა 2010 წლის მაისში გააფორმეს. სადგურის პირველი ბლოკის მშნებელობას კი 2018 წლის აპრილში ჩაეყარა საფუძველი. ეს თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგურია.