რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს.

ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „რუსეთის მხრიდან გამოთქმული იქნა ღრმა შეშფოთება საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებასთან, ასევე შეტაკებებში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ტერორისტების სულ უფრო მასშტაბურ ჩართულობასთან დაკავშირებით“.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებებთან კონტაქტების შესახებ და ასევე – ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და კრიზისის დეესკალაციის სწრაფად მიღწევის მიზნით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე.

კრემლში აღნიშნავენ, რომ სატელეფონო საუბარი თურქული მხარის ინიციატივით შედგა. საუბრისას ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე ლიბიისა და სირიის საკითხები განიხილეს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.