რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის, სირიის იდლიბის პროვინციაზე, სატელეფონო საუბარი გაიმართა.

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ ასადის რეჟიმმა იდლიბის პროვინციაში თავშეკავება უნდა აჩვენოს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვლადიმერ პუტინთან საუბრისას, სირიაში, ჰუმანიტარული კრიზისის დასრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვალდებულება სირიის საკითხზე მიღწეული ყველა შეთანხმების მიმართ. იდლიბის რეგიონში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთისგან მხარდაჭერილმა სირიის სახელისუფლებო არმიამ, ამბოხებულებისგან კონტროლირებულ იდლიბზე იერიში მიიტანა.

შეიარაღებულმა დაპირისპირებამ 900 000 ადამიანი აიძულა, საცხოვრებელი დაეტოვებინა. დევნილების უმრავლესობა თურქეთის საზღვრისკენ მიემართება. თურქეთს, რუსეთსა და ირანს შორის, 2017 წელს შეთანხმებული დეესკალაციის ოთხი ზონიდან, 2018 წელს სამი ზონა სირიის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადავიდა. მეოთხე ზონა იდლიბის პროვინციაშია, სადაც თურქეთის საკონტროლო პუნქტებია განთავსებული. ანკარა სირიის ამბოხებულ ჯგუფებს უჭერს მხარს.