რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის არჩევის პროცესი განიხილეს.

თურქეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალური მდივნის კანდიდატს, მარკ რუტეს განუცხადა, რომ ახალი გენერალური მდივანი საუკეთესოდ უნდა ემსახუროს ალიანსის წევრების უსაფრთხოებასა და ინტერესებს ტერორიზმსა და სხვა გამოწვევებთან ბრძოლაში, ასევე უნდა გააძლიეროს ალიანსის ერთიანობა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, ერდოღანმა აღნიშნა, რომ, ამ პრინციპების გათვალისწინებით, თურქეთი მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი გენერალური მდივნის არჩევის საკითხზე სამართლიანობის ფარგლებში.

მედიის ცნობით, თურქეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც შეიძლება გახდეს დაბრკოლება მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე დამტკიცებისთვის.