რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საზღვარზე საბერძნეთის ხელისუფლების ქმედებები ნაცისტებს შეადარა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საზღვარზე საბერძნეთის ხელისუფლების ქმედებები ნაცისტებს შეადარა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის ხელისუფლების ქმედებები საზღვარზე ნაცისტებს შეადარა. ამის შესახებ ერდოღანმა პარლამენტში თანაპარტიელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არ არის განსხვავება საბერძნეთის საზღვარზე არსებულ სურათსა და იმას შორის, რაც ნაცისტებმა ჩაიდინეს“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან შეთანხმებასთან დაკავშირებით ანკარას მოლოდინების დაკმაყოფილებამდე, თურქეთის საზღვარი ღია იქნება იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ევროპაში გადასვლას ცდილობენ.

„ვიდრე ჩვენი მოლოდინები არ დაკმაყოფილდება, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საზღვრებზე ამჟამინდელ პრაქტიკას“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თებერვლის ბოლოს, თურქეთის ხელისუფლებამ ლტოლვილებისთვის და მიგრანტებისთვის დასავლეთის საზღვრები გახსნა, რის შემდეგ ათი ათასობით ადამიანი ევროკავშირის საზღვართან მივიდა. საბერძნეთის და ბულგარეთის საზღვრებთან, თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტები და ლტოლვილები ევროკავშირში შეღწევას ცდილობენ.

საბერძნეთმა მიგრანტთა ნაკადის შესაკავებლად, ცრემლსადენ გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ამასთან, თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საზღვარზე საბერძნეთის უსაფრთხოების ძალებმა მიგრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ათენი კატეგორიულად უარყოფს და ანკარას ყალბი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებს.