რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონია ანკარაში, პარლამენტის შენობაში გაიმართა.

ცერემონიაზე ერდოღანი მეუღლესთან ერთად მივიდა.

თურქეთის პრეზიდენტი ფიცის დადების შემდეგ რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმში გაემართა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში, ადგილობრივი დროით 18.00 საათზე დაიწყება.

ინაუგურაციას 22 სახელმწიფოს მეთაური, ასევე 28 პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება. დღის ბოლოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი მინისტრთა კაბინეტის წევრებს გამოაცხადებს. 24 ივნისის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 52.5%-ით გაიმარჯვა.

ფიცის დადების შემდეგ თურქეთი ოფიციალურად გადავიდა საპრეზიდენტო მმართველობაზე, რითაც პრეზიდენტს უფლებამოსილებები გაეზარდა.

ახალი სისტემით, პრეზიდენტმა აღმასრულებელი ძალაუფლებაც მიიღო. თურქეთის პრეზიდენტი დანიშნავს ვიცე-პრეზიდენტს, ასევე შეუძლია მინისტრების და მოსამართლეების დანიშვნა, აღმასრულებელი განკარგულებების გამოცემა, პარლამენტის დაშლა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

დატოვე კომენტარი