რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა მთიანი ყარაბაღის საკითხი ტელეფონით განიხილეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა მთიანი ყარაბაღის საკითხი ტელეფონით განიხილეს

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის საკითხი ტელეფონით განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ორი ქვეყნის პრეზიდენტების პრესსამსახურები ავრცელებენ.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ გასულ ღამეს მთიანი ყარაბაღის დავის საბოლოოდ დარეგულირების მიმართულებით სწორი ნაბიჯი გადაიდგა.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა სომხეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტისა და მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

თურქეთის ლიდერის თქმით, თურქეთი რუსეთთან ერთად გაუწევს მონიტორინგს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას ერთობლივი ცენტრის საშუალებით, რომელიც „სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება.

„შესაბამისად, ამ მხრივ რუსეთს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იძულებით გადაადგილებული აზერბაიჯანელების მთიან ყარაბაღში დაბრუნებისა და აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის დერეფნის გახსნის აუცილებლობაზე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მთიანი ყარაბაღის საკითხმა აჩვენა რეგიონული კონფლიქტების დარეგულირებაში რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობა. მისი თქმით, ანალოგიური მექანიზმების გამოყენება სირიაშიც არის შესაძლებელი.

თავის მხრივ, კრემლის ცნობით, სატელეფონო საუბრისას აღინიშნა ცეცხლის სრულად შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა, რამაც სისხლისღვრის შეჩერების შესაძლებლობა შექმნა.

მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი განცხადებით გათვალისწინებული ზომების განხორციელების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.