რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარმა ოპონენტმა, მუჰარემ ინჯემ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარმა ოპონენტმა, მუჰარემ ინჯემ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარმა ოპონენტმა, ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა მუჰარემ ინჯემ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. ამის შესახებ ინჯემ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მუჰარემ ინჯემ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 31% დააგროვა. პოლიტიკოსის თქმით, ოფიციალური შედეგები პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა მისი პარტიის მიერ ხმების დათვლის შედეგად მიღებული შედეგებისგან.

ინჯემ ერდოღანს მოუწოდა, დაასრულოს „განხეთქილების რიტორიკა“ და გახდეს მთელი ერის პრეზიდენტი და არა მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლების. მან ასევე გააფრთხილა პრეზიდენტი ერთპიროვნული მმართველობის საშიშროების შესახებ.

24 ივნისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, რჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 52% დააგროვა.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ქვეყნის 600 მანდატიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის, 343 ადგილის მოპოვება სახალხო ალიანსმა შეძლო, საიდანაც მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ ამომრჩეველთა ხმების 42,5 პროცენტი მიიღო. „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ“ კი 11,1.

ისტორიული არჩევნების შემდეგ ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობაზე გადადის. რაც რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს.