რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი შუშაში გენერალური საკონსულოს გახსნას გეგმავს
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი შუშაში გენერალური საკონსულოს გახსნას გეგმავს

„შუშას დეკლარაციის“ ხელმოწერით ოფიციალურმა ბაქომ და ანკარამ სამომავლო ორმხრივი ურთიერთობების ე.წ. საგზაო რუკა განსაზღვრეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში თურქეთი შუშაში გენერალური საკონსულოს გახსნას გეგმავს.

თურქი ლიდერის განცხადებით, უახლოეს თვეებში, თურქეთში თურქულ-აზერბაიჯანული მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა გაიმართება.

„გვსურს, რომ ექვსმხრივი ფორმატის წყალობით, რეგიონი მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილად იქცეს. ოფიციალური ანკარა ყველა საჭირო ზომას მიიღებს იმისთვის, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონმა და აზერბაიჯანმა მსგავსი ტრაგედია აღარ განიცადონ.

პრეზიდენტ ალიევთან ერთად ნავთობკომპანიების „სოკარისა“ და „თურქეთის ნავთობის კორპორაციის“ საინვესტიციო შესაძლებლობები განვიხილეთ არა მხოლოდ ჩვენს ტერიტორიებზე, არამედ მესამე ქვეყნებშიც“, – განაცხადა ერდოღანმა.