რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაცია – ისრაელის მთავრობის განცხადება მაჩვენებელია, რამდენად უსუსური გახდა მთავრობა, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს

23:36, 21.08.2026

ისრაელის მთავრობის მხრიდან რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ გავრცელებული ისტორიულ ფაქტებსა და პოლიტიკურ სერიოზულობას მოკლებული განცხადება იმის კიდევ ერთი მაჩვენებელია, რამდენად უსუსური გახდა მთავრობა, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს არის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი გუნდის მიერ განხორციელებული „იაფფასიანი პოლიტიკური მანევრი“, რომელიც, მათი შეფასებით, ასევე მიმართულია არჩევნებში ნეთანიაჰუს პირადი უპირატესობის მოსაპოვებლად.

„ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის მცდელობა, თურქეთი ახალ საფრთხედ წარმოაჩინოს, სწორედ ამ იაფფასიანი პოლიტიკის ნაწილია. მუქარის მსგავსი პოლიტიკა და დაძაბულობის ესკალაცია, რომელსაც შიდაპოლიტიკური მეტოქეობის გამო მიმართავენ, სერიოზულ რისკებს შეიცავს არა მხოლოდ ისრაელის საზოგადოებისთვის, არამედ რეგიონული და გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვისაც“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე ისრაელის მთავრობამ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანტისემიტი დიქტატორი უწოდა და აღნიშნა, რომ ის ახლა ისრაელის წინააღმდეგ აგრესიის სირიაში გავრცელებას ცდილობს. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელი გააგრძელებს ძალისმიერ მოქმედებას თურქეთის მიერ რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობების წინააღმდეგ.

მსგავსი