რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ზანგეზურის დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ზანგეზურის დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია

ზანგეზურის დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია. აღნიშნულის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საპასუხოდ განაცხადა.

„მე მაფიქრებს ის, რომ ერთი მხრივ ფაშინიანი ეწინააღმდეგება ზანგეზურის დერეფნის გახსნას და მეორე მხრივ მას ჩემთან შეხვედრა სურს. თუ მას სურს შეხვდეს ერდოღანს, მანამდე გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. შეხვედრის საკითხი ჩვენთვის დახურული არ არის“, – აღნიშნა თურქმა ლიდერმა.

ერდოღანის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეატყობინა მას ფაშინიანის სურვილი ამ შეხვედრის გამართვაზე.

„ამისთვის სომხეთმა პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგას. თუ ეს შეხვედრა გაიმართება, მაშინ თურქეთს შეუძლია დიპლომატიური კავშირების დამყარება“, – დაამატა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში პრობლემები აღმოიფხვრება.