რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ყურადღებას არ ვაქცევთ ცილისწამებებს იმ მკვლელების ქსელისგან, რომელსაც 73 000 უდანაშაულო ღაზელის სისხლში აქვს ხელები გასვრილი, ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა გენოციდი
ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა არც გენოციდი, არც მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, არც ჩაგვრა და არც კოლონიალიზმი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანი ისრაელის მთავრობის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას გამოეხმაურა.
„ჩვენ არანაირ ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამებებს იმ მკვლელების ქსელისგან, რომელსაც 73 000 უდანაშაულო ღაზელის, მათ შორის, უმეტესად ბავშვებისა და ქალების სისხლში აქვს ხელები გასვრილი. ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა არც გენოციდი, არც მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, არც ჩაგვრა და არც კოლონიალიზმი“, – განაცხადა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ისრაელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აუფასურებს, როგორც მათი „ბარბაროსული ქმედებები ღაზაში“, ასევე თურქეთის ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების ჰოლოკოსტისგან გადარჩენას უკავშირდება.
„ნაცისტური დევნისგან გაქცეულთა დაცვაში დამსახურება გვაქვს. მათ, ვინც ცილს წამებს თურქეთსა და თურქ ერს, ეს ყველაზე უკეთ იციან, თუ საკუთარ ისტორიას გადახედავენ“, – აღნიშნა ერდოღანმა.
ცნობისთვის, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა 28 ივნისს განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობამ ერთხმად დაუჭირა მხარი სომეხთა გენოციდის ოფიციალურ აღიარებას. შესაბამისი კანონპროექტი განსახილველად ქნესეთის პლენარულ სხდომაზე შევა, სადაც მას საბოლოოდ კენჭს უყრიან.
სომეხთა გენოციდად აღიარებული მოვლენები 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივ მკვლელობასა და დეპორტაციას უკავშირდება.