რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების რუსეთთან ერთად წარმოება სურს
თურქეთს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების რუსეთთან ერთად წარმოება სურს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში პოლიციის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან ანტისარაკეტო სისტემების ერთობლივი წარმოება თურქეთის მიზანია.
„ახლა ჩვენს მიზანს რუსეთთან ერთობლივი წარმოება წარმოადგენს. ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთში რუსეთისგან შეძენილი „ეს-400“-ის სისტემების განთავსება 12 ივლისს დაიწყო. ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთისგან შეძენილი ანტისარაკეტო სისტემების თურქეთში ჩატანა 2020 წლის აპრილისთვის უნდა დასრულდეს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში ანკარაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებით ცხრა თვითმფრინავი ჩაფრინდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ანკარის მიერ რუსული ანტისარაკეტო სისტემების შეძენის გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ.