თურქეთი არ დაუშვებს სირიის დაყოფას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ისრაელის ქმედებები აჩვენებს, რომ მას არ უნდა მშვიდობა. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა.
„ჩვენ არ ვეთანხმებით სირიის დაყოფას. ისინი, ვინც ოცნებობენ სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაზიანებაზე, განსაკუთრებით სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის კორიდორის გახსნას, ვერ შეძლებენ მიზნების მიღწევას. მინდა, კიდევ ერთხელ ცალსახად განვაცხადო, ისრაელი არ აღიარებს კანონს. ეს არის უმართავი, უპრინციპო, ტერორისტული სახელმწიფო. ახლა ისრაელის აგრესია ჩვენი რეგიონის მთავარი პრობლემაა“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის შესაბამისი სამინისტროები და უსაფრთხოების სტრუქტურები კონტაქტში არიან სირიელ კოლეგებთან.
„ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სირიაში, განსაკუთრებით სუვეიდაში მიმდინარე მოვლენებს“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა სირიის პრეზიდენტთან, აჰმად ალ-შარაასთან. როგორც მედია წერს, საუბრისას ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიაზე ისრაელის თავდასხმები მიუღებელია. ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა მიესალმება სირიაში დრუზებთან მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.