რეჯეფ თაიფ ერდოღანი - შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი თურქეთის პარლამენტში შემოდგომაზე დაიწყება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი თურქეთის პარლამენტში შემოდგომაზე დაიწყება

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი თურქეთის პარლამენტში შემოდგომაზე დაიწყება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთის საკანონმდებლო ორგანო ზაფხულამდე ისვენებს და ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების პროცესი შემოდგომაზე განახლდება.

„საკანონმდებლო ორგანო როდესაც მუშაობას განაახლებს, ჩვენ ამას ძალიან სწრაფად გავაკეთებთ. ვფიქრობ, ეს იქნება საკითხი, რომელსაც ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი პრიორიტეტს მიანიჭებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე და განაცხადა, რომ ანკარა მზადაა, შუამავლის როლი შეასრულოს, თუ ამის სურვილს ორივე მხარე გამოხატავს.

თურქეთის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებაზეც და თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მხარს უჭერს ამ შეთანხმების გახანგრძლივებას, ხოლო რუსეთის პრეზიდენტისგან ამ საკითხზე გარკვეული წინადადებები მიიღო.

„პრეზიდენტი ზელენსკი მხარს უჭერს მარცვლეულის შეთანხმების ინიციატივის ვადის გაგრძელებას, ბატონმა პუტინმაც გააკეთა გარკვეული შეთავაზებები. ამ შეთავაზებების გათვალისწინებით, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვართ გამოსავალზე ორიენტირებული“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი პრესკონფერენციაზე ასევე შეეხეო დანაყოფი „აზოვის“ უკრაინაში დაბრუნების საკითხს და თქვა, რომ ეს ნაბიჯი თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებზე არ აისახება.

ერდოღანმა ასევე ისაუბრა აშშ-ის მიერ თურქეთისთვის F-16-ის ტიპის თანამედროვე ავიაგამანადგურებელების გადაცემაზე და თქვა, რომ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის იმედი აქვს.