თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის მთავრობა ტერორისტების მხარდაჭერასა და წახალისებაში დაადანაშაულა. თურქეთის პირველმა პირმა ამის მაგალითად ელისეის სასახლეში საფრანგეთის მთავრობის მიერ სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელთა მიღება დაასახელა.
ამას წინ უსწრებდა 30 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრა ქურთების გაერთიანება „ხალხთა დაცვის კავშირთან“.
საფრანგეთი მწვავედ აკრიტიკებს თურქეთის მიერ სამი თვის წინ სირიაში, აფრინის რეგიონში დაწყებულ სპეცოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ სირიელი ქურთების წინააღმდეგ.
სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, რომელშიც ქურთი მეომრებიც არიან გაწევრიანებული, სირიელი და ერაყელი ქურთების მიერ ფორმირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში. მათ მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატები მთელი ამ ხნის განმავლობაში უწევდა. სწორედ სირიელი ქურთების საკითხი გახდა ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობების დაძაბვის ერთ-ერთი მიზეზი.