რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ქვეყნებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ ისრაელის იარაღით მხარდაჭერას ხოცვა-ჟლეტისთვის, თავი უნდა შეიკავონ ამ დანაშაულებში თანამონაწილეობისგან
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ქვეყნებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ ისრაელის იარაღით მხარდაჭერას ხოცვა-ჟლეტისთვის, თავი უნდა შეიკავონ ამ დანაშაულებში თანამონაწილეობისგან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოუწოდებს ქვეყნებს, რომლებიც აგრძელებენ ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას, შეწყვიტონ „მის დანაშაულებში თანამონაწილეობა“.

„ქვეყნებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ ისრაელის საბრძოლო მასალითა და იარაღით მხარდაჭერას ხოცვა-ჟლეტისთვის, ახლა თავი უნდა შეიკავონ ამ დანაშაულებში თანამონაწილეობისგან“, განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ საკმარისი არ გააკეთა ღაზის სექტორში „ხოცვა-ჟლეტის“ დასასრულებლად. თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა „კეთილსინდისიერ და პასუხისმგებელ მხარეს, აიღონ საჭე“, რათა ღაზაში ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტაში დაეხმარონ.

შეგახსენებთ, ისრაელის ბოლო ავიაიერიშს ღაზის სექტორში მდებარე გაერო-ს სკოლაში 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, 7 ოქტომბრის შემდეგ 36 600-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.